"გუშინ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოგვიწოდა 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის - მინდა გთხოვოთ ილოცოთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო, უკრაინულ ენაზე ილოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაფერი გვჭირდება ლოცვაც და ქმედებაც.
"საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, ამ ტერმინებით - რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინაში. მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ. მან ყველას მოგვიწოდა დღეს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მე მინდა, გთხოვოთ ჩუმად, შეგიძლიათ ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება ლოცვა, ქმედებაც“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დროშის ფერებში მაისურით გამოცხადდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს მაისური მას საჩუქრად მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ გაუგზავნა. მიხეილ სააკაშვილმა მას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს არის მაისური, რომელიც საჩუქრად გამომიგზავნა დემნა გვასალიამ, ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა დიზაინერმა, არ მინდა სხვას ვაწყენინო, უნდა ვთქვა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა. ის აფხაზეთიდან დევნილი არის. მინდა დემნას აქედან დიდი მადლობა შევუთვალო ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. მე ამას მთელი ცხოვრება შევინახავ“,- განაცხადა სააკაშვილმა.