ავტორი:

კაზაკთა შთამომავლების ბრძოლა სამშობლოსთვის - ცნობილი უკრაინელი სპორტსმენები, რომელთაც ხელში იარაღი აიღეს და ბრძოლის ველზე გავიდნენ

კაზაკთა შთამომავლების ბრძოლა სამშობლოსთვის - ცნობილი უკრაინელი სპორტსმენები, რომელთაც ხელში იარაღი აიღეს და ბრძოლის ველზე გავიდნენ

2022 წლის დასაწყისში, როცა მსოფლიო კორონავირუსული პანდემიის დამარცხების ბოლო ფაზაში შედიოდა და ჩვენი რუტინული ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, ერთი, დაკომპლექსებული, პატარა კაცი ადგა და უკრაინას ომი გამოუცხადა. 24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინას შეესია. შეესია არა გადატანითი, არამედ ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით. ოკუპანტებმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან ფრონტი გახსნეს. ამას აყვა ბელარუსის დიქტატორი "ბატკა“, იგივე ალექსანდრ ლუკაშენკო და თავისი ტერიტორიიდან უხვად გაატარა რუსი ჯარისკაცები. მოკლედ, არაჯანსაღი და მავნე ამბიციების კაცებმა, გამოგონილი მიზეზებით, როგორიცაა, დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ასე შემდეგ, გადაწყვიტეს, მშვიდობიანი უკრიანის დაპყრობა.

უკრაინელები ისევე, როგორც ჩვენ, ქართველები, ჯერ კიდევ საბჭოური გადმონაშთი პროპაგანდის მსხვერპლი არიან. მათ ნაწილს ისიც ვერ გაეგო, უკრაინელები არიან თუ რუსები. ერის იდენტობის პროცესი ვინ იცის, სადამდე გაეწელებოდათ და რა დასკვნას გამოიტანდნენ, რომ არა რუსეთთან ომები. რა თქმა უნდა, ომი კატასტროფაა, რომელიც ადამიანების განადგურებით მთავრდება, თუმცა, რაღაც კარგიც ახლავს. ეს კარგი კი უკრაინელების ერთ მუშტად გადაქცევაა. ახლა მათ ზუსტად იციან, რომ ისინი აბსოლუტურად სხვა ხალხი და ერია, ხოლო რუსები - სხვა. მთელი მსოფლიო, შეშფოთებულ პოზაში, მაკრონის "წარბშერჭმული" იერით, თვალს ადევნებს გმირ უკრაინელებს, რომლებიც სამშობლოს თავდადებით იცავენ. ასობით ქალაქსა თუ დედაქალაქში მრავალათასიანი აქციები იმართება, სირიისა და ჩრდილოეთ კორეას გარდა, ქვეყანა არ დარჩა, რომელიც მხარდაჭერას არ უცხადებს უკრაინას და უკრაინელებს.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო

ფრონტის ხაზზე თუ ზურგის გამაგრებისას შეხვდებით ყველას - კაცს, ქალს, ბავშვს, მოხუცს, უცხოელებს, თითქოს ახლა უკრაინაში მიმდინარეობს კაცობრიობის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამ დაპირისპირებაში ყველა ცდილობს თავისი წვლილის შეტანას.

გამონაკლისი არც სპორტსმენები არიან, განსაკუთრებით კი მოკრივეები, რომლებიც თავიანთ დევიზი, "ფარით ან ფარზე“ რინგიდან პირდაპირ ცხოვრებაში გადმოიტანეს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის ოქროს თაობის მოკრივეები, ნამდვილი ფენომენები, ისეთები, 50-100 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან, იარაღით ხელში დგანან ახლა კიევში, ხარკოვში, ოდესასა თუ ლვოვში.

ამჟამად, კრივის ყველაზე ელიტურ, მძიმე წონაში 2 სახელი და გვარი იბრძვის საუკეთესოობისთვის. ერთ მხარეს არის ტაისონ ფიური, რომელზეც ჩვენ უკვე მოგიყევით და მეორე მხარეს, ოლექსანდრ უსიკი. კაზაკი კაზაკებს შორის. ზუსტად ის ქარიზმა აქვს, რაც მის წინაპრებს ჰქონდათ. იერითაც კი მიხვდებით, ვისთან გვაქვს საქმე: გახვრეტილი ყური, ტრადიციული კაზაკური ვარცხნილობა.

ოლექსანდრ უსიკი

უსიკი თანამედროვე კრივის ფენომენად და მოვლენად მიიჩნევა. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. შემდეგ პროფესიონალებში გადავიდა და ნახევრადმძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (კრივში 4 ძირითადი ტიტულია, ვინც 4-ვეს იგებს, ის არის აბსოლუტური ჩემპიონი - ა.კ.). მანამდე ამ წონაში ტიტულების გაერთიანება ვერავინ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში, რუსი მურატ გასიევი პატარა ბავშვივით სცემა, კრივის მასტერკლასი ჩაუტარა და ნამდვილი დონე აჩვენა.

ოლექსანდრ უსიკი იარაღით ხელში

2021 წლის 25 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. მას შემდეგ, რაც ნახევრადმძიმე წონაში ყველა ტიტული მოიგო, თავის თავს ახალი გამოწვევა დაუწესა და მძიმე წონაში ავიდა. დიდი კრიტიკა მაშინვე წამოვიდა. ამ პატარა უსიკმა იმხელა გოლიათებს რა უნდა დაუპირისპიროსო. გასულ წელს კრივის მეგავარსკვლავს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შეხვდა. თითქმის არავის სჯეროდა უსიკის გამარჯვების. "ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გადაჭედილ სტადიონზე ვნებათაღელვა არც ერთ წამს არ წყდებოდა. ჯოშუა იქ ოქროს ბიჭად მიიჩნევა, სამაგალითო სპორტსმენად, კაპიტანი ამერიკის იმიჯით. თუმცა სტადიონზე მისულმა 62 000-მა გულშემატკივარმა იხილა, რომ თავმდაბალმა, პატარა უსიკმა დიდ ჯოშუას დაახლოებით ის გაუკეთა, რაც მურატ გასიევს. იმდენად დიდი სხვაობა იყო კლასში, რომ ფიზიკურმა გაბარიტებმა საერთოდ ვერანაირი ბენეფიტი ვერ მოუტანა ენტონის. გამარჯვების შემდეგ კი პუბლიკას ჰოპაკის ცეკვაც შეუსრულა. ჯოშუას დამარცხებითა და მორიგი სენსაციით, ოლექსანდრს 3 ძირითადი ტიტული აქვს: WBA, WBO, IBF ხოლო დარჩენილი ერთადერთი ტიტული, WBC, ბოშების მეფეს აქვს. მოკრივეები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ომის დაწყების გამო, უსიკის კრივში დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მარცხნივ ვასილ ლომაჩენკო

შემდეგი ფენომენალური მოკრივე ვასილ ლომაჩენკოა. სხვათა შორის, უსიკი და ლომა თანაგუნდელები არიან და ორივეს ვასილის მამა ავარჯიშებს. ლომაჩენკომ ოლიმპიადა 2-ჯერ მოიგო. მისი კრივის ტექნიკა იმდენად აღემატება მოწინააღმდეგის უნარებს, რომ ხშირად "მატრიცაში მებრძოლსაც“ უწოდებენ. ვასილს გადაადგილების საოცარი უნარი აქვს, რომელიც ვერც ერთ კრივის სკოლაში ვერ ისწავლება, უბრალოდ ბუნებრივად გამოსდის. უსიკის მსგავსად, ლომაჩენკო რამდენიმე წონის ჩემპიონია. თუმცა აბსოლუტურ ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. 2020 წელს ის ახალგაზრდა თეოფიმო ლოპესთან მსაჯების ახლო გადაწყვეტილებით დამარცხდა. მოკრივეების რემატჩი აქტუალურია და შესაძლოა, მშვიდობის შემთხვევაში ვიხილოთ კიდეც.

დღეს უსიკიც და ლომაჩენკოც იარაღით ხელში იცავენ სამშობლოს.

მოკრივეების სიას აგრძელებენ ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსნები, რომლებიც რამდენიმე წელი აზანზარებდნენ რინგს. უმცროსი ძმა ვლადი 10 წლის განმავლობაში დომინირებდა სამეფო წონაში. ვიტალი ყველაზე პრესტიჟულ WBC-ს ტიტულს ფლობდა, ვლადიმირი კი დანარჩენ სამ ქამარს. რომ არა ძმობა, ორივე თავისუფლად გახდებოდა აბსოლუტური ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ზემო ორ მოკრივეს მსგავსად, ვლადიმირიც ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია (1996, ატლანტა). სხვათა შორის, ასაკში შესულ ვლადს ჯერ ტაისონ ფიურიმ მოუგო, ხოლო შემდეგ კი ენტონი ჯოშუამ დაანოკაუტა. უსიკმა ჯოშუას უკრაინელი "დიდი ძმის“ გამო რევანში უკვე აუღო. რადარზე კი ახლა მისტიკური ფიურია.

ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კიევის მერია და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს კიევისთვის და კიეველებისთვის. როგორც რინგზე, ასევე რეალურ ომშიც, ძმები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. გასულ კვირას ვლადმა რუსებს მიმართა. ვიდეო იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მილიონობით ნახვა ერთ დღე-ღამეში დააგროვა.

ძმები კლიჩკოები

საფეხბურთო გუნდ "შერიფის“ მთავარი მწვრთნელი იური ვერნიდუბი 28 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია. ფიქრობს, ალბათ, სადაც "შერიფით“ მადრიდის "რეალს“ მოვუგე, დიდი ამბავი, რუსის ჯარს კუდით ქვა ვასროლინოო. მართალიც არის. ამ ეტაპზე რუსებს არანაირი წინსვლა არ აქვთ. დროებით უკუპირებულ ქალაქებში კი უძლიერესი საპროტესტო მუხტი სუფევს.

იური ვერნიდუბი თანამებრძოლებთან ერთად

სერგეი სტახოვსკი თუ ჩოგნის ნაცვლად იარაღს დაიკავებდა, ვერ წარმოიდგენდა. ჩოგბურთელი ომის დაწყებიდან მალევე ჩაფრინდა სამშობლოში და დღემდე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.

სერგეი სტახოვსკი

"მეუღლემ გაგებით მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა მისთვის ეს მარტივი არ იყო. მე რომ შინ დავრჩენილიყავი და არ წამოვსულოიყავი უკრაინაში, დანაშაულის გრძნობა არ მომასვენებდა“, - ამბობს ჩოგბურთელი.

სპორტსმენებს მიბაძეს გულშემატკივრებმაც. კიევის "დინამოს“ ფანკლუბმა აისხა იარაღი და დედაქალაქის ე.წ. ტერიტორიულ დაცვაში გაწევრიანდნენ. ისინი არიან კლუბის და რაც მთავარია, სამშობლოს ერთგული ფანები. როგორც კლუბის ღირსებას იცავენ ტრიბუნებიდან, მზად არიან საკუთარი სიცოცხლის ფასად ახლა სამშობლოს ღირსება დაიცვან.

ეს სპორტსმენების მცირე ჩამონათვალი იყო. თუმცა, რეალურად, ახლა ომში, უამრავი უკრაინელი ათლეტი მონაწილეობს. იმედია, ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება და პატარა კაცის ამბიციებს არ შეეწირება უმრავი ადამიანი. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ერთი რამ ვიცით დანამდვილებით: ეს მებრძოლი ერი, რუს ოკუპანტს არავითარ შემთხვევაში არ დანებდება.

ავტორი: ანრი კურტანიძე