"ივდითი" - როგორ სჭირდება დღეს ჩვენს სამყაროს, ბიბლიური - "ივდითი“... ამ წარწერით, რამდენიმე დღის წინ ნახატი ამერიკაში მცხოვრებმა მხატვარმა ცისანა ჯანაშვილმა გამოაქვეყნა...
"ვის არა აქვს ივდითი დახატული - ჯოჯრჯონეს, რუბენსს (რამდენიმე) კრანახს... შენი "ივდითი" ტოლს არ უდებს ამ კლასიკოსებს" - უწერენ ხელოვნების მოყვარულები ჯანაშვილს. რამდენიმე დღის წინ მხატვარმა მის მიერ დახატული ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტი გააზიარა და ასევე დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა...
ცისანა ჯანაშვილი ამერიკიდან გვესაუბრა:
- პრეზიდენტ ზელენსკის დახატვა გამოიწვია იმ უზარმაზარმა განსაცდელმა, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ კიდევ მოხდებოდა და თან ასეთი მასშტაბით... ამ საშინელების შემხედვარე, უსუსურობის გრძნობა გეუფლება და მე ყოველთვის ჩემი შემოქმედებით ვუცხადებ პროტესტს ბოროტებას...ამ შემთხვევაში, ზელენსკის პორტრეტის ხატვისას, მსურდა გადმომეცა სახე ადამიანისა, რომელიც ცხოვრებამ დიდი ამოცანის წინაშე დააყენა - ან გაპარვა სადმე, საკუთარი კეთილდღეობის არჩევა, ან თავგანწირვა თავისუფლებისათვის, ტირანიის და დიქტატორობის წინააღმდეგ...
ყოველ წუთს ვისმენ მიმდინარე მოვლენებს და თან ვხატავ... მეფიქრება საქართველოს ბედი, იმედს არ ვკარგავ, რომ მსოფლიო მოუვლის მაგ "სატანას", ვინც ომი წამოიწყო და თან ბირთვული იარაღით იმუქრება... მე საქართველოშიც მყვანან ნათესავები და უკრაინაშიც, ბიძაშვილები და მათი შვილები, რომლებიც ამჟამად გაქცეულები, ლტოლვილები არიან. მაფიქრებს მათი ბედი და საერთოდ თითოეული ადამიანის. მათ ხომ მშვიდობიანი ცხოვრება დაერღვათ და სასოწარკვეთილებაში არიან, ჩვენ კი როგორც საშინელ ომის ფილმის კადრებს ვუცქერთ ეკრანებზე... ასევე ისრაელში მეგულებიან ახლობელი ნათესავები, ვინც მუდმივი ტერორის ქვეშ არიან...
- ბოლოს როდის ეწვიეთ საქართველოს?
- საქართველოს 2016 წელს ვეწვიე. გამოფენები მქონდა მუზეუმებში - ქართული ემიგრაციის მუზეუმში და დავით ბააზოვის სახ. ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმში. იქ, მუდმივ კოლექციაშია ჩემი შექმნილი ქართველ და ებრაელ მოღვაწეთა პორტრეტები. იმედია, მშვიდობა დამყარდება და კვლავ ვეწვევი ჩემს სამშობლოს... ასეთი მძიმე ორი წელი გადაიტანა მთელმა მსოფლიომ "უხილავი მტრის" წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს კი "ხილული" გვემუქრება... არ უნდა დავთმოთ და გაგრძელდეს ბრძოლა სიცოცხლისა და მშვიდობისათვის...
- თქვენი ბიოგრაფია რომ გაგვაცნოთ...
- დავიბადე ქ. თბილისში 1954 წლის 9 სექტემბერს. მამა - მიხეილ (მორდეხ) ჯანაშვილი მაშინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, დედა ეკატერინა (ნადია) ასიტაშვილი - ექთანი. იმ პერიოდში საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მდივანი გახლდათ. პირველი საცხოვრებელი ადგილი გვქონდა ბებიასთან (მამის დედასთან), რომელსაც ყველა "სონა მამას" ვეძახდით. 1957 წელს მამამ წარჩინებით დაამთავრებინა აკადემია სადიპლომო ნაშრომით "განთიადის წინ". ამავე წელს დაიბადა ჩემი ძმა დათო...
რაც თავი მახსოვს, როგორც კი ფანქრის ხელში დაჭერა ვისწავლე, ვხატავ... ვიზრდებოდი მამის ყოველდღიური ცხოვრებით. ახლაც თვალწინ მიდგას მაშინდელი სურათი: როგორი ენთუზიაზმით ხატავდა, გარშემო ფერწერული ტილოები და ზეთის საღებავების, ფერების სურნელი იდგა... მამას თურმე ხუთი წლის ასაკში გამოუმჟღავნებია ხატვისადმი მისწრაფება და - მეც ასევე...
მაშინ ტელევიზორი სიახლე იყო. ბალეტმა გამიტაცა. ვიჯექი, ვუყურებდი და ვხატავდი. ბალერინობა მინდოდა. მამას ვეხვეწებოდი წავეყვანე საბალეტო სკოლაში... ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ ჩემს ნახატებს რომ ათვალიერებდა, მამამ თქვა: "ცისანა, შენ მხატვარი ხარ!“ მეც დავიჯერე, ეს მაშინ, როდესაც ამ სიტყვის გამოთქმაც მიჭირდა და ყველასთან ვამბობდი: - მე ხვატვარი ვარ! მოგვიანებით ამ სიტყვებს მამის მეგობრები მახსენებდნენ, განსაკუთრებით გერშონ წიწუაშვილის გულიანი სიცილი მახსენდება...
ეჭვიანიც ვიყავი: თუ დავინახავდი რომ მამა სხვას უთმობდა ყურადღებას, საშინლად განვიცდიდი. ერთხელ ამის გამო ავტირდი. მამა უცებ მოტრიალდა და "მტირალას" ფოტო გადამიღო... მამა ხატვასთან ერთად ფოტოხელოვნებით იყო გატაცებული. ხარფუხში ხშირად გვნახულობდა მამის უფროსი მეგობარი, ენათმეცნიერი, მორდეხ მამისთვალაშვილი, მოტკე ძიას ვეძახდი, მას ფოტოაპარატი მუდამ მომარჯვებული ჰქონდა და მისი გადაღებული კადრები ჩემს არქივში ინახება... მამა მუდამ თან მატარებდა, კარგად მახსოვს მოტკე ძიას სახლი ფეთხაინის უბანში...
ხარფუხიდან გადავედით ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ჯერ მე-60 სკოლაში ვიარე, შემდეგ კი 126-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. დიდი გულმოდგინებით ვწერდი საშინაო დავალებებს, თითქოს ასოებსაც ვხატავდი, მამა მიქებდა... დათოს სიმღერის ნიჭი გამოაჩნდა, მუდამ მღეროდა... ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 126 -ე სკოლაში, მაშინ მე-4 კლასში ვიყავი. მამამ სტენდებზე ჩემი დახატული ბალერინები და პორტრეტები განათავსა... პორტრეტების ხატვა ბავშვობიდან შემიყვარდა. ნატურიდან ვხატავდი ყველას. დამღლელი იყო მათთვის ნატურში ჯდომა და მეც ვღელავდი თუ გამირბოდნენ. მამამ მირჩია: - სარკიდან შენი ავტოპორტრეტი ხატე, შენი თავი ხომ არ გაგექცევაო... რემბრანდტის ხელოვნება გამაცნო და მითხრა, რომ მას სამასზე მეტი ავტოპორტრეტი შეუქმნია...
ასე წამოვიწყე ავტოპორტრეტებზე მუშაობა და დღემდე დაუსრულებლივ ვხატავ... მამაჩემი განცვიფრებული რჩებოდა, თუ როგორ ვიჭერდი პიროვნების მსგავსებას, დედაჩემს სიხარულით ეუბნებოდა: ნადია, ცისანა ჩემზე უკეთ გადმოსცემს ადამიანის მსგავსებას და ხასიათსო... სულ მიგროვებდა ჩანახატებს და აღნიშნავდა: - შენ ამათი ფასი არ იციო... ჩემი ეს ადრინდელი „სკოლის ჩანახატები“ და სამხატვრო სასწავლებელში შესრულებული ფერწერები თბილისიდან ისრაელში მოხვდა, რის შესახებაც 1981 წელს მამა ისრაელიდან მწერდა: "ჩემო ცისანა! აქ, ისრაელში, ძალიან ბევრ ოჯახში და კერძო კოლექციებში ვიხილე შენი ნამუშევრები, რომლებსაც დიდი მოწიწებით ეპყრობიან და, შენს თვალს არ დაუჯერებ, ისეთ ძვირფას ჩარჩოებში აქვთ ჩასმული. ბაბრი მამისთვალოვისაგან შეუძენიათ. ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ვნახე შენი 25 ნამუშევარი. ზოგიერთის ფოტოასლები გადავიღე და გამოგიგზავნი”...
როდესაც გადაწყდა ჩვენი ისრაელში წასვლა, მამამ ვერ შეძლო თავისი 500 და ჩემი 100 ნამუშევრის შესყიდვა, რამეთუ ყოველივე ეს საბჭოთა კავშირის საკუთრებად ითვლებოდა. ამ დროს გამოჩნდნენ შეძლებული ხალხი და მათ გაუგზავნეს ისრაელში. იქ მათ შორის განხეთქილება მოხდა და დავკარგეთ ყველაფერი, რის გამოც უდიდესი დარტყმა მივიღეთ...
საქართველოსთან და ისრაელთან განშორებით გამოწვეული სულიერი ტკივილები რომ მომეძალება, უმალ წერილებში ვიხედები, მათში ჩაქსოვილი სიყვარული მათბობს. მამამ მიბიძგა რომ კონტაქტი დამემყარებინა როგორც ისრაელთან, ასევე საქართველოსთან. მან იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემი სულიერი მდგომარეობისათვის. შორს მცხოვრებს, ამერიკიდან გამეზიარებინა ადამიანთათვის თუ როგორი დიდი სიყვარულითა და მონატრებით ვიღწვოდი და ვქმნიდი ფერწერულ ტილოებს.