"მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი, ქართველი ვყოფილიყავი" - ამ სიტყვების ავტორს 25 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა, მაგრამ ეს თარიღი წელს არავის გახსენებია, რადგან 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია, ომი დაიწყო... ლესია უკრაინკა - ლარისა კოსაჩ-კვიტკას ლიტერატურული ფსევდონიმია.
ის უკრაინულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ცნობილი პოეტი და მნიშვნელოვანი მწერალი ქალია, რომელიც 1871 წელს, ნოვოგრად-ვოლინსკში, ამჟამინდელ ჟიტომირის ოლქში დაიბადა. ზუსტად იქ, სადაც რუსულმა ჯარმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლამის მიწასთან გაასწორა ყველაფერი...
ლესია უკრაინკას ცხოვრება და შემოქმედებითი გზა საქართველოს უკავშირდება. პოეტი აქ პერიოდულად, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა... ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ყოფნისას საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა - "ტყის ზღაპარი", "ქვის ბატონი", "რუფინი და პრისცილა" და პოეტის ცხოვრებაც საქართველოში დასრულდა. ის დაბა სურამში 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესია უკრაინკა საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა.
საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს ასე სწერდა:
"ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე - საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, დნეპრის სანაპირო მახსენდება..."
მისი ქართველი ხალხისადმი სიყვარული მის ამ მოგონებებშიც კარგად ჩანს:
"რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი".
განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. სრულიად ახალგაზრდამ თავისი უმცროსი დისთვის დაწერა სახელმძღვანელო - "აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია“, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია. მის წერილებში ხშირადაა ნახსენები იაზონის, პრომეთეს სახელები.
მამა პეტრე კოსაჩი საზოგადო მოღვაწე იყო, დედა ოლღა კოსაჩი - ცნობილი მწერალი. კოსაჩების ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროინდელ პროგრესულ საზოგადო მოღვაწეებთან. ლესიამ მშობლების დახმარებით საფუძვლიანი განათლება მიიღო... გოგონას ენების სწავლის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა, იოლად შეისწავლა ფრანგული, გერმანელი, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და კიდევ არაერთი ენა. ლექსების წერა 9 წლისამ დაიწყო. მისი პირველი ლექსია "იმედი". 14 წლისამ თავის ძმა მიხაილოსთან ერთად თარგმნა გოგოლის "საღამოები დიკანკის მახლობელ ხუტორში". 1885 წელს დედა ძმისადმი მიწერილ ბარათში ასე ახასიათებდა ლესიას:
"მშვენიერი გოგონაა. უსასრულობამდე კეთილი და გულღია, ძალზე ნიჭიერი მეცნიერებასა და ხელოვნებაში. იგი მშვენივრად და არა, როგორც მოყვარული, უკრავს ფორტეპიანოზე, განსაკუთრებით უკრაინულ ნაწარმოებებს, სხვებსაც უკრავს, თანაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა მუსიკას (მას დაკვრას ასწავლიდა ცნობილი კომპოზიტორის ლესენკოს მეუღლე). ლესია ცუდ ლექსებს როდი წერს, არცთუ ცუდად ფლობს ლექსს, შეიძლება ოდესმე ნამდვილი პოეტი დადგეს". დედის ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...
ათი წლისას განუკურნებელი სენი - ძვლის ჭლექი აღმოაჩნდა. ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა, რამდენიმე მძიმე ოპერაციაც გადაიტანა და ხშირად ლოგინადაც იყო ჩავარდნილი, თუმცა განსაცდელს თავის პოეზიით უპირისპირდებოდა. ბავშვობა მომავალმა მწერალმა ნოვოგრად-ვოლინსკში, ლუცკსა (ახლა ეს ადგლიც რუსი აგრესორების სამიზნე აღმოჩნდა) და სოფელ კოლოდიაჟნეოში გაატარა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ბერლინში ოპერაცია გაიკეთა. იტალიის ქალაქ სან-რემოში დასვენებამ ვერ გამოაკეთა. შემდეგ კი მომავალ მეუღლესთან ერთად 1903 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში ეს მისი პირველი სტუმრობა იყო.
ლესია უკრაინკას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მისმა ბიძამ მიხაილ დრაგომანოვმა შეასრულა, რომელიც ახლოს იცნობდა ცნობილი ქართველი მოღვაწეს ნიკო ნიკოლაძეს. ნიკოლაძის ქალიშვილის, პროფესორ რუსუდან ნიკოლაძის გადმოცემით, დრაგომანოვები დიდი სიმპათიით ყოფილან გამსჭვალული საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. ეს განწყობა უცხო არ იქნებოდა დრაგომანოვის დის ოლენასა და მისი ასულისთვის...
1895 წელს კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა ნესტორ ღამბარაშვილი, ვინც კოსაჩებთან იქირავა ოთახი, მალე დაუახლოვდა მათ, განსაკუთრებით კი ლესიას, სწორედ მან შეასწავლა პოეტს ქართული ანბანი, გააცნო "ვეფხისტყაოსანი".
ლესია და მისი მეუღლე კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს, კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში, ხოლო 1904 წელს თბილისში "ბორის გოდუნოვი“ დაუდგამს, რომელშიც როიალის პარტიას კვიტკა ასრულებდა. ამ საქმეში ერთად იყვნენ ქართველი კომპოზიტორი და პოეტის მეუღლე...
ლესიამ ცხოვრების უკანასკნელი წლები, მეუღლესთან ერთად, საქართველოში გაატარა. თელავში სუსანა იარლოვას სახლში უცხოვრიათ, შემდეგ - ნიკო ამუნაშვილის ბინაში, ქუთაისში 1911 წელს ცხოვრობდა კაზაკოვის, ჯაიანის ქუჩებზე, ჯაიანის ქუჩაზევე გადავიდა ქიქოძის სახლში, სადაც დაწერა პოემა "ქვის ბატონი“. იქიდან უკვე მძიმე ავადმყოფი სურამში წაიყვანეს.
ქუთაისში ყოფნისას მის მეგობართა შორის იყო ცნობილი ლიტერატორი და მოღვაწე სილოვან ხუნდაძე, რომლის მეუღლეც ქართულ ენას ასწავლიდა. 1913 წლის 9 ივლისს სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად აპავების სახლში დაბინავდა ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში, პოეტს უვლიდნენ დედა - ოლენა, დები - ოლგა და დორა, ექიმ პაშიკოს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა იქაური მცხოვრები სოფიო ცუცქირიძეც. პოეტი 1913 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა. მისი ნეშტი წასვენებული იქნა სამშობლოში და დაიკრძალა კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.