მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებულია, ჩვენი სოლიდარობა უსაზღვროა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე: "თქვენ ახსენეთ ევროკავშირის მტკიცე პასუხი პუტინის თავდასხმაზე. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები - რაც თქვენ გააკრიტიკეთ“, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ პრემიერის პოზიცია არ გაუკრიტიკებია.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბევრი სანქცია აქვს დაწესებული, თუმცა მაინც მისი ვითარება ოკუპირებული ტერიტორიების გამო განსხვავებულია.
"მე არ გამიკრიტიკებია პრემიერის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ეს ცოტა უფრო რთულია. ჩვენ რუსეთს ბევრი სანქცია დავუწესეთ, მათ შორის, ფინანსური კუთხით. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი სანქციებიც: არ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, არ არის პირდაპირი ფრენები.
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთს. ჩვენ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაგრამ ჩვენი სიტუაცია განსაკუთრებულია ოკუპირებული ტერიტორიებისა და იმის გამო, რომ ჩვენ ვეკუთვნით დასავლური ორიენტაციის მქონე ქვეყნებს, რომლებიც არ არიან დაცული ნატოსა და ევროკავშირის წევრობით. ჩვენი პარტნიორები ამას აღიარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებულია, ჩვენი სოლიდარობა უსაზღვროა. ორშაბათს მე წარვსდექი ჩემი წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე, რომელსაც უკრაინის წარმომადგენელი ესწრებოდა, როგორც სხვა ბევრი პარლამენტარი. საქართველო არის საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ამ საშინელი ომის წინააღმდეგ გაცემულ პასუხში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.