თავდაცვის მინისტრს ქვეყანაში აქვს ქოლცენტრი, მეტსაც გეტყვით, ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ბატონი ჯუანშერი ჩადის თავდაცვის სამინისტროდან, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა გომელაურს განუცხადა, თუ დაინტერესდება ამ ფაქტით, შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
„კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: შემიძლია აქედანვე გამოგყვეთ, თავდაცვის მინისტრი რომ არის, უსახელო, ვერ ვცნობ ამ კაცს, სახელზე კი არაფერს ვამბობ, მაგრამ ვერ ვცნობ და იმიტომ დავიმახსოვრე, რომ „ქოლცენტრები“ აქვს, ჯუანშერი. თავდაცვის მინისტრს ქვეყანაში აქვს ქოლცენტრი. მეტსაც გეტყვით, მინისტრი ბრძანდებით, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ბატონი ჯუანშერი ჩადის თავდაცვის სამინისტროდან. პირდაპირ გეუბნებით, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ კაცს ქოლცენტრები აქვს. ტრანსნაციონალურ დანაშაულს სჩადის. თუ ეს ასე არ არის, თქვენ შეგიძლიათ ამაზე გამოძიება დაიწყოთ, მე შემიძლია დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ეს ყველაფერი გამოიძიოთ, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება. თითოეულ წინადადებაზე ვარ პასუხისმგებელი, რაც გითხარით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა ტრანსნაციონალურ დანაშაულში სხვა მაღალჩინოსნებიც არიან ჩართულნი, მართ შორის ყოფილი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
"თქვენი პროპაგანდისტული მანქანა ამოქოქავს და იტყვის: „ქოლცენტრები“ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის წარმომადგენლებს. ბატონო ვახტანგ, შს მინისტრი ხართ თქვენ, აგერ ვარ მე, ლევან ხაბეიშვილი, ნებისმიერ მისამართზე შემიძლია, სადაც თქვენ ინფორმაცია გაქვთ, გამოგყვეთ და მოგეხმაროთ იმ ოფისის დახურვაში. ამასობაში, როდესაც ამბობთ, რომ თქვენი საქმე არ არის, დიახ, თქვენი საქმეა. თუ თქვენი საქმე არ იყო, მე რომ მიცკევიჩის #27 -ში საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, შსს-ში რატომ დამიძახეთ და რატომ დაიწყეთ საგამოძიებო მოქმედებები? ან თუ დაიწყეთ პასუხი გაქვთ, რა მოხდა? ჩადიოდნენ თუ არა ტრანსნაციონალურ დანაშაულს?
პოლიტკოვსკაიას #10; აფაქიძის #5; ჭავჭავაძის #30 მე-19 სართული, სადაც ასევე პირადად ვიყავი. კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც ასევე პირადად ვიყავი და საქმის კურსში ჩაგაყენეთ. თქვენ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ? თქვენ იცით, რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი, სუს-იდან სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი, ამის შესახებ არ მოგისმენიათ? თქვენს წინა კოლეგას, შს ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს რომ ქოლცენტრები აქვს იცით? - მისამართი ჭავჭავაძეა. დამიძახეთ მისამართს გეტყვით. მანამდე ალბათ დაალაგებს ქოლცენტრს და სხვაგან გადაიტანს. ოთარ ფარცხალაძესაც აქვს. პარლამენტში ახლა არ არის ის პარლამენტარი და შესაბამისად ვერ დავასახელებ, მაგრამ თუ გამოძიებას დააინტერესებს, ამასაც ვიტყვი. ერთ-ერთი პარლამენტარია და მასაც აქვს ქოლცენტრები, მილიონებს შოულობენ. ბიზნეს-ცენტრი „ქინგ დევიდი“, ფაქტობრივად, ქოლცენტრებადაა გადაქცეული. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვალაპარაკობ და პარლამენტის ტრიბუნიდან რატომ გელაპარაკებით იცით? თითოეულ სიტყვას გადაუთარგმნით ჩვენ უცხოელ პარტნიორებს და მათ შორის, თქვენი პასუხისმგებლობაც არის და არაფერს რომ არ გააკეთებთ თავის დროზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, იმიტომ, რომ ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.