თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ.
"თუკი შეთანხმება მიიღწევა იმ საკითხზე , რაზეც დაახლოებას ახლა ვხედავთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ორი ლიდერი გაერთიანდეს", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მისი იმედები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორივე მხარესთან შეხვედრის შემდეგ გაიზარდა, თუმცა „ძნელია ამაზე საუბარი, როდესაც საქმე ომს ეხება“.
მისი თქმით, უკრაინამ "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში“ გარანტორ ქვეყნებად თურქეთი და გერმანია წამოაყენა.
"გუშინ მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე დავინახე, რომ რუსეთის ფედერაციას ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და რომ მათ შეეძლოთ მიეღოთ ასეთი წინადადება“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის და მათი ხალხისთვის.
ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, „ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა პუტინისა და ზელენსკის მასპინძლობის შეთავაზება“ და თქვა, რომ „ზოგიერთ საკითხზე კონსენსუსისთვის ლიდერების დონეზე მოლაპარაკებები შეიძლება გახდეს საჭირო “.