ავტორი:

"მოსკოვი შესაძლოა ამზადებს სცენას ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად... შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს" - რა სავარაუდო სცენარზე საუბრობს ბლინკენი?

"მოსკოვი შესაძლოა ამზადებს სცენას ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად... შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს" - რა სავარაუდო სცენარზე საუბრობს ბლინკენი?

მიგვაჩნია, რომ მოსკოვი შესაძლოა ამზადებს სცენას ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინის დასადანაშაულებლად, რათა გაამართლოს მისი თავდასხმების ესკალაცია უკრაინელ ხალხზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტების შეთხზვა და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა არის პრაქტიკა, რომელიც რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია, მათ შორის საქართველოში.

"მოვლენების შეთხზვა და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა სამხედრო ძალის უფრო დიდი გამოყენების გასამართლებლად არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი ადრეც იყენებდა, მათ შორის საქართველოში,”- აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, ადგილობრივ მთავრობაში დასანიშნად ოფიციალური პირები მოსკოვიდან ჩაიყვანოს და შეეცადოს, რომ მოსახლეობა რუსეთზე დამოკიდებული გახადოს.

"უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიყვანოს ოფიციალური პირები ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობების დასაკავებლად და გაზარდოს ე.წ. "ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმისთვის, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებულები გახდნენ. ისევ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში,“- აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის შეჩერებას აპირებს.

"მე ახლა ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს, პირიქით, თუ მოუსმენთ მის გუშინდელ კომენტარებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს,“- აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას დიპლომატიური გზით მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ძალების გაყვანას.

"ჩვენ ვაფასებთ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის და სხვათა ძალისხმევას, მაგრამ დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერ ჩართულობას დეესკალაციისთვის. ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყოველ დღე, პრაქტიკულად ყოველ წუთს ახორციელებს, სრულიად ეწინააღმდეგება ომის დასრულების ნებისმიერ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას,“- აღნიშნა ბლინკენმა.