ავტორი:

"საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა" - რადას დეპუტატი ივან კრულკო

"საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა" - რადას დეპუტატი ივან კრულკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის ელჩის გასაწვევად მიზეზები „საკმარისად ჰქონდა“, რომელთა შორის ისიცაა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მთავრობა არ მიჰყვება ხალხის პოზიციას.

"რამდენადაც მე მესმის, მიზეზი მხოლოდ ომის ვითარებაში საქართველოს თავშეკავებული პოზიცია არ იყო. არის სხვა მიზეზებიც მსგავსი ქმედებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და რომელიც დააკავეს და დააპატიმრეს საქართველოში, ეს ერთი მომენტია.

უკრაინის ელჩს საქართველოში მე პირადად ვიცნობ, პროფესიონალი დიპლომატია, ის ახლა კონსულტაციებზე იმყოფება და იმედი მაქვს, რომ ის უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას და გააგრძელებს პროფესიონალურ მუშაობას თბილისში, უკრაინის ინტერების დაცვისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებისთვის.

მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, პრეზიდენტ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა და ისინი ზუსტადაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ოფიციალური ხელისუფლება ყოველთვის არ მიჰყვება იმას, რასაც გრძნობს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხის უმრავლესობა,“- განაცხადა ივან კრულკომ.

„ინტერპრესნიუსი“ ინტერვიუს სრულ ვერსიას რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.