მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი რუსი ოკუპანტების 6-დღიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, მის ნაცვლად უკრაინელებმა რუსებს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის "სიმამაცისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ის 11 მარტს რუსი ოკუპანტების 10-კაციანმა ჯგუფმა გაიტაცა. 33 წლის ივანს დამპყრობლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის არ დათანხმდა.
მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა რუსების ტყვეობაში ყოფნის 6 დღე ტელეკომპანია Настоящее время-სთან ინტერვიუს დროს დეტალურად გაიხსენა.
- ცნობილია, რომ თქვენ 9 რუს წვევამდელზე გაგცვალეს, როგორ მოხდა ეს?
- საკმაოდ ამაღელვებელი იყო, რადგან ეს გაცვლის მეორე მცდელობა იყო. გაცვლის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორშაბათს შვიდ საათზე მეტ ხანს მატარეს მანქანით, რის შემდეგაც შემატყობინეს, რომ გაცვლა არ მოხდებოდა. მერე ისევ საკანში დამაბრუნეს.
- რატომ ვერ შედგა გაცვლა?
- რუსი სამხედროები მეუბნებოდნენ, რომ თითქოს ჩემს ქვეყანას ჩემი წაყვანა არ სურდა, ამიტომ ისევ საკანში დამაბრუნეს. ეს საკმაოდ რთული იყო, როცა შვიდი საათის განმავლობაში თავზე ჩანთა გაქვს ჩამოფარებული, არ იცი სად ხარ და აბსოლუტურად არ ენდობი იმ ადამიანებს, ვისაც სადღაც მიჰყავხარ.
ამის შემდეგ იყო გაცვლის მეორე მცდელობა, რომელიც ასევე საკმაოდ რთული იყო. რადგან გაცვლა უკვე ღამით ხორციელდებოდა, 17:30 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ იყო შეფერხებები. გაცვლა მოხდა უკვე 18:40 საათზე, როცა ბნელოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაცვლა ამჯერადაც არ მოხდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, შედგა. ცხრა რუს ჯარისკაცში გამცვალეს. ეს ჯარისკაცები18-19 წლისანი იქნებოდნენ. მათ მთლად ჯარისკაცებსაც ვერ დაარქმევდი, იმდენად ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ისინი მოვიდნენ უკრაინელების დასახოცად.
- ივანე, რა დაგემართა ტყვეობაში? ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გაწამებდნენ...
- ტყვეობაში ყველაფერი საკმაოდ რთული იყო, ემოციურად რთული, იმ საკანში, რომელშიც მე ვიყავი.
- სად იყავი, რომელ დასახლებაში?
- მე ვიყავი ქალაქ მელიტოპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საკანში, როცა ჩემთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, შვიდი ჯარისკაცი მაინც იდგა იარაღით ხელში. ხელით არ შემხებიან, მაგრამ მერწმუნეთ, იქვე მყოფი შვიდი ადამიანი იარაღით სრულიად საკმარისი იყო. ხან ვიღაცას აწამებდნენ მეზობელ საკანში - და ყვირილი ისმოდა. ამან ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.
- კიდევ ერთხელ გკითხავთ, თქვენზე ფიზიკურად არ იძალადეს?
- არა.
- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საჯაროობის გამო მოხდა?
- დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ საჯაროობის გამო არ მომხდარა. მინდა მადლობა გადავუხადო თავისუფალ პრესას, რომელმაც ობიექტურად გააშუქა ეს ინფორმაცია, იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეს საინფორმაციო გზავნილი მსოფლიოს უმაღლეს დონეზე გააჟღერეს. ვფიქრობ, რომ მხოლოდ საჯაროობისა და ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევის წყალობით მოვახერხე გადარჩენა მთლიანობაში.
- ამბობთ, რომ საკანში რაღაც მოგთხოვეს... რის მიღება სურდათ მათ?
- მათ უნდოდათ, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დამეწერა, ასევე უნდოდათ ჩემგან რაღაც საბუთების მიღება მოადგილეების დასანიშნად, რაღაც მოვალეობების შესასრულებლად. მაგრამ ეს ხალხი აბსოლუტურად გაუნათლებელია, მათ არ ესმით უკრაინის კანონმდებლობა - რომ მერი კალმის მოსმით ვერ დატოვებს სამსახურს. მათ არ ესმით, რომ მერი მოადგილეს ვერ დანიშნავს, ამას საკრებულოს დეპუტატებმა უნდა მისცენ ხმა.