ბალტიის ქვეყნები რუსეთის 10 დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ CNN ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება.
დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებულია ლიეტუვასთან და ესტონეთთან.
ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ოთხი თანამშრომელი, ლატვიამ და ესტონეთმა - რუსეთის საელჩოს სამ-სამი თანამშრომელი.
„ამ პირთა ამჟამინდელი მოღვაწეობა დიპლომატიურ საფარქვეშ შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან და აზიანებს ლატვიის რესპუბლიკას“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
მათ ქვეყნის ტერიტორია 23 მარტის 23:59 საათამდე უნდა დატოვონ.
ლიეტუვას მიერ გაძევებულ რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე მიეცათ.
„რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რითაც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ლიეტუვას უსაფრთხოებასაც ემუქრებიან“ , - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ რუსეთის საელჩოს სამივე თანამშრომელი პირდაპირ და აქტიურად აზიანებდა ესტონეთის უსაფრთხოებას და ავრცელებდა რუსეთის საომარი მოქმედებების გამამართლებელ პროპაგანდას.
ამ პირებმა ესტონეთი 72 საათში უნდა დატოვონ.