ავტორი:

"მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში..." - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

"მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში..." - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

"მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის მხარე ყოველთვის დაჟინებით ითხოვდა მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს.

"ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დიალოგს, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს მშვიდობისთვის, არა მხოლოდ შემოჭრის 23 დღის განმავლობაში. მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად.

მოსკოვში, ყირიმის დაპყრობის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ბევრი სიტყვა გაისმა. დიდი აქცია გაიმართა და ერთ დეტალს მინდა მივაქციო ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში, მიმდინარე აქციაში სულ 200 000-მდე ადამიანი იყო ჩართული. დაახლოებით ამდენივე რუსი ჯარისკაცი უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, 14 ათასი გვამი, ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მოსკოვის ამ სტადიონზე. ამ შემოჭრის შედეგად, უკვე ძალიან დიდია რუსეთის დანაკარგი. ეს ომის ფასია. ომი უნდა დასრულდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ დასძინა, იგი აპირებს, გააგრძელოს სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მიმართვა. მისი თქმით, "მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია".

"უახლოეს დღეებში, მე გავაგრძელებ მსოფლიოს ერებისთვის მოწოდებას. იგეგმება ჩემი მიმართვა შვეიცარიის ხალხისა და სახელმწიფოსადმი. ასევე იგეგმება მიმართვები ისრაელის, იტალიისა და იაპონიისადმი. მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია. მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენს დამცველებს, უკრაინის დამცველებს", - დასძინა ზელენსკიმ.