ავტორი:

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეკატერინე დედოფლის შესახებ წერს და საზოგადოებას ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ უამბობს:

"დღეს ეკატერინე დედოფლის დაბადების დღეა! ის რომ ისტორიკოსი გავხდი დიდწილად ამ დიდებული ქალბატონის დამსახურებაცაა. ეკატერინე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი (1840-1857) გახლდათ, მან ქართულ მოდაში განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ევროპული სადედოფლო მოდა დაამკვიდრა:- ეკატერინე დედოფალს ალმასებით შემკული დიადემა ამშვენებდა, ის 1860 წელს, ფრანგმა იუველირმა ოსკარ მასინმა შექმნა.

როგორც ცნობილია მასზე გამოსახული იყო ასკილის ყვავილების, შვრიისა და შროშანების კომპოზიცია. მასინის საიუველირო სახლის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ეკატერინეს დედისგან მემკვიდრეობით ერგო ორი, ასკილის ფორმის საყურე და მანაც მოგვიანებით ფრანგ იუველირს დიადემის იმავე სტილში შექმნა დაუკვეთა. სამკაულის ცენტრში არსებული ასკილი იხსნებოდა და ცალკე ბროშად მაგრდებოდა.

დღეს დიადემის ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს მისი კვალი გერმანიაში იკარგება... ეკატერინე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1853 წლიდან, სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი იყო.მისი ეს დიდებული პორტრეტი პარიზშია შესრულებული 1865 წლის ახლო პერიოდში. დედოფალი გამოსახულია წმ. ეკატერინეს დიდი ჯვრის წითელი ლენტითა და იმ ორდენით, რომელიც მას 1856 წელს იმპერატორ ალექსანდრ II-ის კორონაციის დღეს უწყალობეს.

"მთავრინა“ დანიშნული იყო იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას "სტატს დამად“. პორტრეტში ამ პატივის აღმნიშვნელი ნიშანიც მოჩანს. ეკატერინეს მარცხენა მხარს წმ. ანდრიას ორდენის ცისფერი ლენტი უმშვენებს, მის მარჯვნივ კი წმ. გიორგის ბრინჯაოს მედალი და ლენტია. ეს ჯილდო დედოფალს გადაეცა 1853-1855 წლების რუსეთ-თურქეთის ომში გაწეული ღვაწლისათვის, - ერთ-ერთ ბრძოლაში იგი ხომ პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოს სამთავროს ჯარს. დედოფალს წმ. ეკატერინეს ორდენის რვა ქიმიანი ვარსკვლავიც ამკობს, რომელიც რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლებოდა....

არიან ადამიანები რომლებიც არასოდეს კვდებიან... მათ შორის უცილობლადაა დიდებული საქართველოს უკანასკნელი მოჰიკანი, "წინანდლის ვარდი" "დედოფალი მეგრელიისა" ეკატერინე".