ავტორი:

"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე

"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე

ბოლო პერიოდში, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ტელეკრანზე ხშირად ჩნდება სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. არაერთხელ გვინახავს ის სხვადასხვა დროს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, როგორც თავად ჰყვება, "ტროლების" აგრესიის ობიექტია, თუმცა მისივე თქმით, ეს სულაც არ ანაღვლებს.

მსახიობი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტის გამოთქმის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მისი შვილი, დანი, დაიბადა. დანიელი ნანაკა კალატოზიშვილს 2013 წელს კალათბურთელ ირაკლი კედიასგან შეეძინა. წყვილი ახლა დაშორებულია.

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცეებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო" რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია, ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი."- თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ნანკა და დანიელი

მან ასევე, რამდენადაც შეეძლო, ილაპარაკა გარდაცვლილ მამაზე, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, მან ომში საკუთარი სიცოხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა.

"ვერ ვყვები ამ თემაზე, ვფუჭდები... 30 წელი გავიდა და ვერ ვხვდები, როცა მეუბნებიან ომი გინდაო. ყველაზე ნაკლებად მე მინდა ომი, რადგან ძალიან კარგად ვიცი ეს რა ტკივილია. საშინელება მოლოდინის რეჟიმი... როცა აცილებ, როგორ ბრუნდება... მამა ჩემზე პატარა იყო რომ გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, პაციფისტი და სულაც არ უნდოდა, ვინმე მოეკლა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე კარგა ხანი მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი... მამა რომ ჩამოასვენეს, მომიტანეს ტყვია: აი, ასეთი თითო ტყვია გვქონდა ყველას, ტყვედ რომ არ ჩავვარდნილიყავით და თავი მოგვეკლაო. მერე მივხვდი, საშინელებას ვაკეთებდი რომ ვინახავდი და ის ტყვია გადავაგდე.

თავისუფლებას აქვს ფასი და 9 აპრილიდან მოყოლებული ამას სისხლით იხდიან. ვიცით რამდენი დევნილი გვყავს, რა გზა გამოიარა საქართველოსმ 70 წლის განმავლობაში და არავინ ფიქრობს იმაზე, სად ვიქნებით ხვალ. რითაც ჩვენ ვამაყობდით, სამწუხაროდ დღეს აღარ გვაქვს. ტყვეობაში შეიძლება იცხოვრო, მაგრამ თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს შელახული." - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა დედის შესახებაც, რომელიც 37 წლის ასაკში დაქვრივდა და 3 შვილის პატრონობა მარტოს მოუწია.

"37 წლის იყო დედა რომ დაქვრივდა, დარჩა სრულიად მარტო სამი ბავშვით. მას ყველაზე ბედნიერი და უბედური დღე ერთ დღეს ჰქონდა. იმ დღეს, როდესაც მამაჩემი ჩამოასვენეს, ის მოდიოდა სამშობიაროდან, ჩემს დას შვილი გაუჩნდა, დედას პირველი შვილიშვილი შეეძინა. მახსოვს, მაგიდის ქვეშ შევძვერი, რადგან არ მინდოდა მისი რეაქცია მენახა. ვერ ვყვები... ომი გინდა?! არ მინდა, საერთოდ არ მინდა, მაგრამ არც ის მინდა ზურგი შევაქციო ვინმეს და ლაჩრული მდგომარეობა მქონდეს, არ მინდა ვიყო მოღალატე." - თქვა მსახიობმა.