ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ისტორიის სწორ მხარესაა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ მედიის წარმომადგენლებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იცავს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს, რაც არა მხოლოდ მათი ისტორიული და კულტურული ტრადიცია, არამედ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის ნაწილია, თუმცა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, გარე იძულებისა და ზეწოლის გარეშე მიიღებენ.
"პრეზიდენტი სი ძინპინი ძალიან მკაფიო და ყოვლისმომცველი იყო ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ჩინეთი ყოველთვის არის მშვიდობის ძალა მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ მშვიდობას და ვეწინააღმდეგებით ომს, ეს არის არა მხოლოდ ჩინეთის ისტორიული და კულტურული ტრადიცია, არამედ ჩვენი თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ობიექტურად და სამართლიანად, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვიღებთ რაიმე გარე იძულებას ან ზეწოლას და ვეწინააღმდეგებით ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებას ან ეჭვს“, - აღნიშნა ვან ი-მ.
ცნობისთვის, ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროში რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობდა, ხოლო ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პეკინმა გამოხატა მზადყოფნა რუსეთისთვის სამხედრო დახმარება გაეწია. 18 მარტს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პეკინს მოსკოვისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება.