ავტორი:

როდის გადმოასვენებენ სამშობლოში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს - რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

როდის გადმოასვენებენ სამშობლოში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს - რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენება.

"საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს საქართველოს დაღუპული მოქალაქეების - გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქალაქ ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში 18 მარტს დაიღუპნენ. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ირპენში დაბომბვაში, დაახლოებით, 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, პოლკოვნიკ ბახვა ჩიქობავას, ის მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა.