მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპის შუაგულში ომი გააჩაღა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ ის რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ამაგრებენ. მათ შორის ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა. როგორც ამბობენ, უკრაინაში შეჭრის საკითხში პუტინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ ის იყო.
სერგეი შოიგუ 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთის მთავრობისა და პუტინის გარემოცვის უცვლელი კადრია. ის მორჩილად ასრულებს რუსი დიქტატორის ბრძანებებს.
წლების წინ, "ერთგული სამსახურისთვის“ დაწინაურება მხოლოდ მას არ რგებია. მისი ცოლი და შვილები რუსეთში სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობენ. რუსი გენერალი ოფიციალური მილიარდერია.
შოიგუს ცოლი ირინა ალექსანდროვნა შოიგუ რუსეთში წარმატებული საქმიანი ქალია, ის ტურისტული სააგენტო Expo-M-ის დირექტორის თანამდებობას იკავებს. ამის გარდა, ჰქონდა საკუთარი სამშენებლო კომპანია Barvikha 4, რომელიც 2006 წელს გახსნა და ცნობილ რუბლიოვკაზე A კლასის ბიზნესცენტრის აშენებას აპირებდა, მაგრამ 2008 წელს, კრიზისის გამო, კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა. ირინა შოიგუ მოსკოვის უნივერსიტეტში დეკანად მუშაობს. მისი ტურისტული კომპანია კი ხშირად იგებს რამდენიმემილიონიან ტენდერებს.
შოიგუს ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს - 44 წლის იულია (ფსიქოლოგი) და 31 წლის ქსენია (რუსეთის საზოგადო მოღვაწე).
შოიგუს უფროსი ქალიშვილია იულია, 2002 წლიდან რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის დირექტორი, რუსეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და ასევე RPO-ს ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელია, ის ასევე არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. ერთი სიტყვით, ქალს ბევრი რეგალია აქვს. მისი კარიერული ზრდა კი, მამის კარიერასთან ერთად, სწრაფად მოხდა. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.
საინტერესო ფაქტია, რომ იულია ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა ტერორისტული თავდასხმების, მძევლად აყვანისა და ადამიანური კატასტროფების მსხვერპლებს, დღეს კი მამამისი უკრაინელების დახოცვის ბრძანებას გასცემს.
დაქორწინებულია რუს სახელმწიფო მოღვაწე ალექსეი ზახაროვზე, რომელი 2019 წლიდან რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი დარია და ვაჟი კირილი.
უმცროსი ქალიშვილი ქსენია რუსი საზოგადო მოღვაწე და რუსეთის ტრიატლონი (სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას) ფედერაციის პრეზიდენტია.
2010 წელს ქსენია შოიგუ გადაიღეს ნიკიტა მიხალკოვის ფილმში "მზისგან დამწვარი-2“, მედდის როლში. თუმცა კინოში ეს გამოცდილება გოგონასთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.
2013 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობდა "გაზპრომბანკის" საპროექტო და სტრუქტურული ფინანსების განყოფილებაში, როგორც უფროსი ანალიტიკოსი. ხუთი წლის შემდეგ ქსენია გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მრჩეველი გახდა.
მისი რჩეული ფიტნესბლოგერი ალექსეი სტოლიაროვია. ჰყავთ ერთი ქალიშვილი.
ქვეყანაში, სადაც კორუფცია ყვავის და თანამდებობებზე მხოლოდ მაღალჩინოსნების ახლობლები ინიშნებიან, გასაკვირი არ არის პუტინის მარჯვენა ხელის ოჯახის აღზევება. თუმცა შოიგუს ქალიშვილები იმ გამონაკლისებში შედიან, ვისაც უცხოეთში განათლება არ მიუღიათ. ისინი პუტინის შვილებისგან განსხვავებით, არც გვარს მალავენ და რუსეთში წამყვან თანამდებობებს იკავებენ.
რუსულ მედიაში წლებია ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოიგუ ცოლს ღალატობს და მისი საყვარელი ქალი რუსეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი, ზარა იგივე ზაფირა მგოიანია. ქალი ორჯერ იყო დაოჯახებული, ერთხელ პეტერბურგის გუბერნატორის სერგეი მატვიენკოს ვაჟზე და მეორედ - ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერგეი ივანოვზე, რომელმაც ქალის გამო ოჯახი და ორი შვილი მიატოვა.
"ყოფილ ქმრებთან მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებ. ჩემმა ქმრებმა ვაჟები მაჩუქეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ", - ამბობდა ქალი მოგვიანებით.
რაც შეეხებ მისი და შოიგუს რომანს, ამის შესახებ მედიაში 2019 წლიდან იწერება. ტაბლოიდები წერენ, რომ შოიგუ საყვარელ ქალს ანებივრებს და მას ბინებსა და აგარაკებს ჩუქნის. ქალი ხშირად სტუმრობს თავადცვის მინისტრს სამსახურშიც.
იხილეთ ასევე: