ავტორი:

"არქივში აღმოვაჩინე, რომ ამ სოფელშია ჩემი წინაპრების დოკუმენტები და ჩამოვედი..." - მარტვილში გადასახლებული ყოფილი მორაგბეს კრეატიული ფერმა და სირაქლემების უნიკალური კოლექცია

"არქივში აღმოვაჩინე, რომ ამ სოფელშია ჩემი წინაპრების დოკუმენტები და ჩამოვედი..." - მარტვილში გადასახლებული ყოფილი მორაგბეს კრეატიული ფერმა და სირაქლემების უნიკალური კოლექცია

საქართველოში სირაქლემების ფერმას თუ აღმოვაჩენდი, ნამდვილად არ მეგონა. არადა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც შევიტყვე, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში აფრიკული სირაქლემები მშვენიერ პირობებში ცხოვრობენ და ნავარდობენ. მათი პატრონი კრეატიული ფერმერი, ყოფილი მორაგბე და ფეხბურთელი ლევან ფაღავაა.

მართალია ლევანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მისი წინაპრები მარტვილიდან ყოფილან, მაგრამ ვინაიდან ლევანი რეპრესირებული ოჯახიდანაა, მის წინაპრებს სამეგრელოსთან კავშირი დიდი ხნის წინ გაუწყდათ. მან კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დიდი ბაბუის წარმომავლობისთვის მიეგნო და საკუთარ ფესვებს დაბრუნებოდა.

- ბაბუაჩემის მამას მშობლები 14 წლის ასაკში დაუხვრიტეს. ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს და ობოლი ბიჭი თბილისში ნათლიამ გაზარდა... სამწუხაროდ, ბაბუაჩემმა წინაპრების სოფლის მოძებნა ვერ მოახერხა, რაც მერე უკვე მე შევძელი. არქივში მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ამ სოფელშია ჩემი წინაპრების ქორწინების და ნათლობის დოკუმენტები... მოკლედ, ჩამოვედი, დამხვდა ხალხი, რომლებმაც მიმასპინძლეს.

- კარგია, რომ წინაპრების ფესვებს დაუბრუნდით, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანისთვის სოფელში ცხოვრება ადვილია?

- იმის გამო, რომ მაქვს მასშტაბური, გრძელვადიანი გეგმები და ამ ყველაფერს პერსპექტივაში ვხედავ, ამიტომ ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ჩემი გეგმების განხორციელებას ფინანსების მოძიებაც სჭირდება, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ, ჩანაფიქრი საბოლოოდ როგორი იქნება, სიამოვნებას მანიჭებს და ამ ნაბიჯის გადადგმა მიადვილდება.

- მოკლედ, ჩამოხვედით და შეუდექით საქმეს, ხომ?

- კი, მიწა შევიძინე, სადაც სახლი იდგა და გავარემონტეთ, რადგანაც უმეტესად აქ გვიწევს ყოფნა. მიხარია, რომ ჩემი შვილები, სამი შვილი მყავს, აქეთ სიხარულით მოდიან, ასევეა მეუღლეც. საბოლოოდ ყველანი აქეთ გადმოვალთ. თავად ფერმა 4 ჰექტარზეა განლაგებული. ამასთან, ამ ეტაპზე გვყავს 25 დასახელების ქათამი, მათგან უმეტესობა დეკორატიულია, ხოხბის 10 სახეობა, ფარშავანგის 4 სახეობა და სირაქლემები, ჩვენი ყველაზე დიდი ფრინველები. გვყავს ასევე დეკორატიული იხვები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადგილზე კონტაქტური ზოოპარკივით გვქონდეს. მარტვილი ტურისტულად აქტიური ზონაა და ძალიან ცოტა რამაა, რომ ტურისტები მეტად დააინტერესო.

ამიტომ სურვილი მაქვს, შევქმნა ისეთი ადგილი, სადაც ხალხს არა მარტო მოსვლის, აქაურობის დათვალიერების საშუალება ექნება, არამედ დარჩენისაც. მინდა, გავაკეთო ნახევრად ღია ტიპის რესტორანიც, სადაც ნატურალური პროდუქტის მიღება შეეძლებათ. ყველაფერი ადგილზე უნდა იყოს ნაწარმოები. გვყავს ასევე ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, ესტონეთიდან ჩამოვიყვანეთ და სტუმრებისთვის ჩვენი რძის პროდუქტების შეთავაზებასაც შევძლებთ. გვყავს თხები, ცხვრები, ღორები (სხვადასხვა ჯიში), როგორც ადგილობრივი, ისე ვიეტნამური.

- სირაქლემებზე ვისაუბროთ... აქ საიდან გაჩნდნენ?

- ჩვენი სირაქლემის კვერცხები სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი, ხან ვის ვაბარებდი და ხან - ვის. ისინი საბურთალოზე, ჩემს სახლში დავჩეკეთ. ჯერ საძინებელში გვქონდა ინკუბატორი გაკეთებული. ეს იმისთვის, რომ ტემპერატურული რეჟიმი დაგვეცვა. ზაფხულში გათბობას ვრთავდით, ზამთარში - კონდიციონერს, მერე აივანზე გვყავდა და ბოლოს აქეთ წამოვიყვანეთ. ნაწილი აქაც გამოვჩეკეთ, რომლებიც 9 თვისები არიან. ახლა უკვე ესენი იწყებენ კვერცხის დადებას და საქართველოში დადებული სირაქლემის კვერცხიც გვექნება. ამ სიმბოლურ ეპიზოდს მოუთმენლად დღე-დღეზე ველოდებით.

- ვიცი, რომ სირაქლემები ცოტა აგრესიულები არიან...

- კი, ამის დამადასტურებელი ბევრი ვიდეო არსებობს და ხალხშიც ასეთი წარმოდგენაა მათზე შექმნილი. არ ვიცი, რით არის გამოწვეული, რომ ესენი აგრესიას არ ავლენენ. შეიძლება ხელში რომ ვატარებდით, ვაჭმევდით და ასე გავზარდეთ. მშვიდები არიან, თითქოს ხვდებიან, რომ არაფერს ვერჩით, მათზე ვზრუნავთ, ვპატრონობთ. ახლა ვნახოთ, კვერცხის დადების შემდეგ როგორ მოიქცევიან, შთამომავლობას როგორ დაიცავენ. თუ არ იხმაურებ, სწრაფად არ იმოძრავებ, არც მოგეკარებიან.

რომ დაუძახო, არ მოდის, მაგრამ თუ ერთი მოვიდა, მერე ყველა ჯგუფურად მოდიან, ინტერესით გათვალიერებენ... ახლა ოჯახებად გვყავს დასანაწილებელი, რადგან არის იმის ალბათობა, რომ მამლებმა ერთმანეთი დააზიანონ, მოგვიწევს მათი დაყოფა.

- „სირაქლემას პოზიცია“ ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა - თავის მიწაში მართლაც რგავენ?..

- როგორც აღმოჩნდა, ეგ სიმართლე არ ყოფილა. ასეთი ჩვევა არ შემიმჩნევია. ეგ პოზიცია, ალბათ უფრო შიშის დროს ექნებათ...

- რით კვებავთ?

- 15-კომპონენტიანი საკვები აქვთ, ძირითადად მარცვლეული. დღეში 2-დან 5 კილოგრამამდე იღებენ. თუმცა ხასიათის ფრინველები არიან, ერთ დღეს ბევრს ჭამენ, მეორე დღეს - ნაკლებს. მათი რაციონის 30-40% ბალახია. ასე რომ, უყვართ ბალახობაც. ზოგადად კვება დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული. თავიდან როცა ამ საქმეს ვიწყებდი, ევროპული ბაზარი შევისწავლე. შევიტყვე, რომ მათი ხორცი ბევრ ქვეყანაში დელიკატესად მიიჩნევა. მერე ამათი ხორცი გავსინჯე. მომეწონა. დაბალ ქოლესტერინიანი პროდუქტია, სადღაც ინდაურისა და ხბოს ხორცს შორისაა.

- ამიტომ, მეხორცული მიმართულებითაც იფიქრებთ?

- შესაძლოა, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ პირველ 17 სირაქლემაზე ეს არ გავრცელდება. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სახელს რომ დაარქმევ ფრინველს, უკვე ოჯახის წევრივითაა (რამდენიმეს თავიანთი თვისებებიდან გამომდინარე, სახელები შევურჩიეთ). ზოგადად სათუთი ფრინველია, თავიდან, სანამ მოძლიერდება, შეიძლება ფეხი დაუზიანდეს, სამი-ოთხი თვის მერე კი ასეთი გამძლე ფრინველი არ შემხვედრია. აცრებიც არ სჭირდებათ. წელს ჩვენთან იმდენი ნალექი იყო და ისეთი ამინდები, აქაურებსაც უკვირდათ, თითქმის ბოლო 20 წლის მანძილზე არ გვახსოვსო. ამიტომ, გვეშინოდა, მაგრამ კარგად გაუძლეს.

- ხოხბებზე, ფარშავანგებზე, იხვებზე რას იტყვით?

- მეკვერცხული მიმართულებით ინდური მორბენალი, მეკვერცხული იხვები გვყავს, რომელიც დიდი რაოდენობით კვერცხს დებენ. მათი მოშენება მასობრივად მინდა, სამომავლოდ რაოდენობასაც გავზრდი. პლუსი ის აქვთ, რომ ამ იხვების საკვების 50%-ს ბალახი შეადგენს. დანარჩენს, რასაც ვაძლევთ, ნატურალური პროდუქტისგან შედგება და ხორციც გემრიელი აქვთ. ფარშავანგის 4 სახეობა გვყავს, - ინდური ფარშავანგის 2 ოჯახია, თეთრი ფარშავანგის ერთი ოჯახი, გვყავს „არლეკინო“ - თეთრი და ინდური ფარშავანგის ნაჯვარი და კიდევ შავ ზურგა ფარშავანგი. რთულად მოსაძებნი ჯიშებია და მათი რაოდენობა სხვა ფრინველებთან შედარებით მცირეა.

ჩემი ძირითადი ინტერესი მაინც დეკორატიული მიმართულებაა, თუმცა იმასაც ვაანალიზებ, - სტუმრის მიღებას აქტიურად რომ დავიწყებთ, ადგილზე საკვები რომ მივაწოდოთ, მეხორცული კუთხით ამიტომ ვფიქრობ. კვერცხსაც გავყიდით, ჩვენი ინკუბატორი გვაქვს.

- ამდენ სხვადასხვა ჯიშის, დასახელების და ხასიათის ფრინველის მოვლას ცოდნა უნდა... არადა, მითხარით რომ ბიზნესი კუთხით გაქვთ განათლება მიღებული, 10 წლის მანძილზე ღვინის სპეციალიზებული მაღაზია გქონდათ, მანამდე თამაშობდით ფეხბურთს და რაგბის... ეს ყველაფერი როდის ისწავლეთ?

- პანდემიის პერიოდში ჩემი სფერო ძალიან დაზარალდა. სამწუხაროდ, ღვინის მაღაზიის დიდი ნაწილის დაკეტვა მომიწია, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მუშაობს, ისიც პასიურ მდგომარეობაში... ეს, რასაც ახლა ვაკეთებ, თავიდან გატაცება იყო, მაგრამ ჩათრევა იცის. ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი, ჩემთვის ეს ბიზნესია თუ გატაცება. სულ მინდა, რომ ახალ-ახალი ფრინველი მოვიძიო და მოვიყვანო...

პირველი სირთულე, რასაც გადავაწყდი, ეს არის პერსონალი. ამ უცხო ფრინველების მოვლა-პატრონობის ცოდნას გლეხს ვერ მოსთხოვ, ამიტომ ეს ერთად ვისწავლეთ ჩვენც და თანამშრომლებმაც. 4 ადამიანი გვეხმარება და ალბათ, სამს კიდევ დავიმატებთ.

სიახლის არ მეშინია, როდესაც რაღაც გაინტერესებს, იმისკენ ისწრაფვი, ცდილობ, მოიძიო შესაბამისი მასალა, ინფორმაცია და თეორიული ცოდნა შეივსო. პირველი არ ვარ სამყაროში, ვინც ეს საქმე დაიწყო და არიან ადამიანები და საკუთარ გამოცდილებას მიზიარებენ, როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. ყველაფერი დავიწყეთ მცირე რაოდენობებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით... თხების სფეროც მინდა, შევისწავლო და ჩემს მეურნეობაში წინ წამოვწიო - მეგრული და ალპური ჯიშის შეჯვარებით მივიღო ისეთი თხები, რომ მერძეული მიმართულებით უკეთესი შედეგები ჰქონდეს.