ავტორი:

LOUDspeakers-ი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლო კონცერტს გამართავს

LOUDspeakers-ი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლო კონცერტს გამართავს

პოპულარული ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers - ი 25 მარტს, Mono Hall-ში სოლო კონცერტს გამართავს, რომელსაც უკრაინელ ხალხს მიუძღვნის. ჯგუფის და Lenø Records-ის ჰონორარები სრულად გადარიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებელად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში. ასევე, ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს აღნიშნულ ფონდში, Mono Hall-იც გადარიცხავს.

გთავაზობთ ინტერვიუს LOUDspeakers-ის სოლისტ ლევან ლაუდაძესთან.

- როგორი გზა გაიარა LOUDspeakers-მა 12-წლიანი არსებობის განმავლობაში და რა დატვირთვის მატარებელია თქვენი ჯგუფისთვის 25 მარტის სოლო კონცერტი.

- პირველ რიგში ძალიან გაგვიმართლა, რომ ამდენი წლის შემდეგაც ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. ბედნიერები ვართ, რომ მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ჩვენი საქმისადმი უანგარო სიყვარულის და ჩვენი ერთგული და თამამად ვიტყვი, მრავალრიცხოვანი მსმენელის დამსახურებაა, რომლებიც ერთგულად გვიდგანან გვერდით და გვაძლიერებენ. გვეხმარებიან რთული პერიოდების გადალახვაში და საპასუხო დადებითი ემოციებით გვავსებენ. პანდემიური რთული პერიოდიც დიდწილად მათი დამსახურებით გადაილახა. უამრავი შეტყობინება მოგვდიოდა მსმენელისგან, რომ ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ ჩვენს კონცერტს და აი ჩვენც აქ ვართ. 25 მარტს მონოჰოლში, ჩვენი დიდი სოლო კონცერტი გაიმართება. უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ვფიქრობდით, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა კონცერტის ჩატარება. თუმცა შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახლა გაჩერება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. სწორედ ახლაა დრო, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ამით შეიტანოს თავისი წვლილი უკრაინის და გმირი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენც ასე მოვიქცევით. 25 მარტს, მონოჰოლში გასამართი სოლო კონცერტი მთლიანად უკრაინას მიეძღვნება და როგორც ჯგუფის ასევე ჩვენი პროდიუსერის გვაჯის მიერ დაარსებული ლეიბლის Lenø Records-ის ჰონორარები სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ფონდში.

რუსეთი ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანაა, რომლის ბოროტი ხელი ჩვენს თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც სწორედ რუსეთმა დაიწყო, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ახლა უკრაინის ოკუპაციას ცდილობს, თუმცა ვალოდია პუტინს არაფერი გამოუვა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინასთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო და მთელი ცივილეზებული სამყარო. რუსეთი კი, მწარე მარცხს იგემებს და თავის ბოროტებაში თავადვე დაიხრჩობა.

- რამდენი ხანია სოლო კონცერტი არ გქონიათ?

- გასული ივლისის შემდეგ სოლო კონცერტი არ გვქონია. მსგავსი მასშტაბის სოლო კონცერტი კი, შეიძლება ითქვას 2018 წლის შემდეგ, როცა "ქართული ფილმის“ ერთ-ერთ პავილიონში დავუკარით. ასე რომ, მოუთმენლად ველით 25 მარტს.

- რა სიახლეებს სთავაზობთ მსმენელს და დაახლოებით რამდენი სიღერა შესრულდება კონცერტზე?

- კონცერტი დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდება და 18 კომპოზოციას გააერთიანებს. დავუკრავთ როგორც პირველი, ასევე ახალი ალბომიდან "Pills of Time” სიმღერებს. ასევე რამდენიმე კომპოზიციას, რომელიც არცერთ ალბომში არ მოხვდა. იქნება სრულიად ახალი სიმღერის პრემიერა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ კონცერტზე შესრულდება, დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ქართული კომპოზიცია, რომლის ჩვენეულ ვერსიას როგორც აღვნიშნე, რამდენიმე წლიანი პასუზის შემდეგ დავუკრავთ.

- LOUDspeakers-ის სამომავლო გეგმები რას უკავშირდება?

- LOUDspeakers -ის სამომავლო გეგმები ახალი სიმღერების ჩაწერას და გამოცემას უკავშირდება. ზაფხულიც მოდის და წესით ბევრი კონცერტით გავახარებთ ჩვენს მსმენელს. მანამდე კი, ჩვენი გულები და ფიქრები უკრაინისკენაა მიმართული და დარწმუნებულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხია ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!