ავტორი:

რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

ბოლო პერიოდში, საზოგადოების უკმაყოფილება პირველად პროდუქტზე, მათ შორის, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, არ ცხრება, თუმცა ფაქტია, რომ მკვეთრად გამოხატული ნეგატივით, მოცემულობა არ და ვერ იცვლება. ერთადერთი, რაც მომხმარებელს შეუძლია, არჩევანის გაკეთებაა - გაზრდილი ფასის მიუხედავად, მისთვის სანდო და ხარისხიანი საწვავის მომწოდებელი კომპანია შეარჩიოს და თუნდაც, ამით დაიცვას საკუთარი ავტომობილი გაუთვალისწინებელი სხვა ტექნიკური ხარჯისგან.

დამეთანხმებით, რთულია, კონკრეტულ პროდუქტზე გადაჭრით განაცხადო, რომ ის სხვებს სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოდგენილ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საწვავი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, საწვავის ყველაზე კარგი და ობიექტური შემფასებელი მაინც მძღოლია. ყველაზე უკეთ გამოცდილმა მძღოლმა იცის, თუ რომელ საწვავზე როგორ ხმას გამოსცემს მისი ავტომობილი, როგორია სიმძლავრე, რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია ავზში დარჩენილი სითხით და რა თანხა აკლდება ყოველდღიურად მის ბიუჯეტს.

საქართველოში ყველაზე მსხვილი და პოპულარული კომპანიები „რომპეტროლი“, „ვისოლი“, „სოკარი“, „გალფი“ და „ლუკოილია“, რომელთა ბენზინგასამართი სადგურები, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს ფარავს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ კომპანიათაგან ერთ-ერთს ან შესაძლოა, რამდენიმეს ერთად ირჩევს. მათი მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ფასი გახლავთ, რომელიც, დღესდღეობით, ერთმანეთს საკმაოდ დაუახლოვდა, ამიტომ მთავარი კრიტერიუმი, რითიც ოპტიმალური საწვავი უნდა შევარჩიოთ, მისი ხარისხია. რასაკვირველია, სწორად შერჩეული საწვავი არა მხოლოდ ფასის არამედ მისი ხარისხის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც 1 ლიტრ ბენზინში ან დიზელში, თითქმის, 4 ლარის გადახდა გვიწევს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ საწვავის ფასის ზრდაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მძღოლები, რომელთაც შექმნილი სიტუაცია ისევე აწუხებთ, როგორც მათ თანამოქალაქეებს. ამავდროულად, ჩვენ მათ ვკითხეთ, ძირითადად, რომელი კომპანიის საწვავს ირჩევენ საქართველოში.

ნინა ასათიანი - (მარკეტოლოგი, მეწარმე) - ყველას, ვინც ავტომობილით გადაადგილება, საწვავის ფასის ზრდა მძაფრად შეეხო. რაც ყველაზე სამწუხაროა, მხოლოდ საწვავის ფასი არ გაზრდილა, გაძვირდა ის პროდუქტებიც, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს საზოგადოებისთვის ძალიან რთულია, თუმცა ყველა ვხედავთ, როგორი ვითარებაა ჩვენ გარშემო. მე ვიზიარებ სპეციალისტების აზრს, რომ საწვავთან დაკავშირებით არსებული მოცემულობა გარე ფაქტორებით და იმ პრობლემებითაა გამოწვეული, რომელთა წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. ავტომობილით ყოველდღიურად გადავადგილდები, შესაბამისად, ბენზინგასამართი სადგურების ხშირი სტუმარი ვარ. მე უპირატესობას „რომპეტროლის“ საწვავს ვანიჭებ, რადგან ჩემი ავტომობილი ყველაზე მეტს სწორედ ამ საწვავით გადის. არაერთხელ ჩამისხამს საწვავი სხვა სადგურებზეც, თუმცა ყველაზე კარგი შედეგი, როგორც გამავლობის, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, „რომპეტროლმა“ მომცა.

დალი ჩიტალაძე (მოდის ექსპერტი) - საშინელებაა საწვავის ფასის ასეთი ზრდა, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასი ასეთი არ არის. მგონი, ჩვენ ყველაზე ძვირს ვიხდით საწვავში. მე უკმაყოფილო ვარ. ახლა, პირიქით, ყველაფერი უნდა იაფდებოდეს. ავტომობილით მეც ვსარგებლობ. ჩემს მანქანას 95 ოქტანობის მქონე საწვავი სჭირდება, პრემიუმი - რომელსაც ხან „გალფში“, ხან კი, „ვისოლში“ ვასხამ.

ირაკლი ხოშტარია (მსახიობი, „ჩემი თეატრის“ დამფუძნებელი) - ვფიქრობ, როდიდან გავაჩერო საკუთარი ავტომობილი და რომელ ტრანსპორტზე გადავჯდე - ველოსიპედზე, ელექტროსკუტერზე თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლო. ფასები მხოლოდ საწვავზე არ გაზრდილა. საწვავის ფასის ზრდა აისახება ყველაფერზე: პურზე, წყალზე და ა.შ. მე სამი ავტომობილი მყავს. მათგან ორში „რომპეტროლის“ საწვავს ვასხამ. ერთში კი, უბრალოდ, იქ ვასხამ, სადაც ბენზინგასამართი სადგური შემხვდება. ისე, რაც ავტომობილი მყავს, მას შემდეგ „რომპეტროლის“ მოხმარებული ვარ. სხვებიც გამოცდილი მაქვს, მაგრამ უკეთესი შედეგი ამ კომპანიის საწვავმა მომცა.

ელდარ პირმისაშვილი (მარკეტინგისა და PR-ის სპეციალისტი) - მე ელექტრომანქანა მყავს და საწვავზე დამოკიდებული არ ვარ. ელექტროენერგიას მოვიხმარ, ავტომობილს ვტენი და ისე დავდივარ, თუმცა, საწვავის ფასის ზრდას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. ელექტრომანქანა 2 წლის შევიძინე და ჩემი მთავარი მოტივი ეკოლოგიაზე ზრუნვა იყო.

სანდრო ვეფხვაძე (ტელეწამყვანი, მედია მენეჯერი) - რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია ცალსახაა და არ მივესალმები იმ არგუმენტებს, რომლებიც ბოლო დროს ფასის ზრდასთან დაკავშირებით ისმის. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებას, რომელმაც, დაახლოებით, 22 დოლარი დაიკლო, საქართველოში არსებულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ეს არ არის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფასებიც ამას ნელ-ნელა დაეწევა, თუმცა, ამავდროულად, ვითვალისწინებ იმ ობიექტურ გარემოებებს, რომელთა წინაშეც ნავთობკომპანიები დგანან. ბიზნესთვალსაზრისიდან გამომდინარე, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ვადიანობა, ერთთვიანი პერიოდი, როდესაც საწვავის შესყიდვა და შემდეგ საქართველოში ტრანსპორტირება ხდება. ამ შემთხვევაში, მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს. როგორც მოქალაქე, ამ ფაქტს ნამდვილად არ მივესალმები, მაგრამ როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, კომპანიების მოტივი მესმის. მე, ძირითადად, ორი ბენზინგასამართი სადგურით ვსარგებლობ: „ვისოლითა“ და „რომპეტროლით“. ავტომობილის მგრძნობელობიდან გამომდინარე, სწორედ მათ ვანიჭებ უპირატესობას, რაც ჩემი ავტომობილის ძრავის მუშაობაზე და გამართულობაზე კარგად აისახება. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ნავთობკომპანიების პროდუქციას ვაკნინებ.

შალვა ოგბაიძე (პროფესიონალი ავტომრბოლელი) – მე სპორტული ავტომობილი მყავს, რომლითაც შეჯიბრში ვიღებ მონაწილეობას. ამ ავტომობილს მაღალი ოქტანობის საწვავი სჭირდება. ვცდილობ, რომ რუსული კომპანიების საწვავი არ ჩავასხა. მე არ მეგულება ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც საწვავის ფასის ზრდას მიესალმება. ეს არ არის ერთი კომპანიის გადაწყვეტილება, ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია. ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე, ლოჯისტიკაზე, მოპოვების რაოდენობაზე და ა.შ. რასაც ომის ფაქტორი ემატება. ეს, რა თქმა უნდა, ფასზე მოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და უნდა გავუძლოთ.

რას ნიშნავს კარგი საწვავი, ექსპერტების შეფასებით, ეს ერთი საკითხია; რომელი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს რეალურად უკეთეს პროდუქტს - მეორე.

მთავარი მაინც ისაა, თუ რის მიხედვით არჩევს ოპტიმალურ საწვავს გამოცდილი მძღოლი?

ისე კი, ხშირად დაბალი ფასის საწვავმა, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ფინანსური შეღავათის ნაცვლად, გაზრდილი ხარჯით „დაგვასაჩუქროს“, რადგან დღეს დაზოგილი თანხა ხვალ უხარისხო, იაფიანი საწვავის მიერ დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას დასჭირდეს.

შესაბამისად, გამოცდილი მძღოლი საწვავს არა დაბალი ფასის, არამედ ხარისხის და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ირჩევს.

R