ავტორი:

"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?

"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების” დეპუტატ, ირაკლი ზარქუასა და "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წლის 24 იანვარს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავენ.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია და დაზარალებულის ნაცვლად, ლევან ხაბეიშვილი ბრალდებულის სავარძელზე აღმოჩნდა.

მისივე თქმით, წარდგენილი აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა და დაზიანებები არ მიუღია, რაც ვიდეომასალებშიც ნათლად ჩანს.

"2 წლის წინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ იძალადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილზე რამდენიმე ადამიანმა. ეს საქმე პარადოქსულია, 2 წლის განმავლობაში იყო უმოძრაოდ, დღეს რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არის შეწყვეტილი და დაზარალებულის ნაცვლად, ხაბეიშვილი აღმოჩნდა ბრალდებულის სავარძელზე. ხაზგასასმელია, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილია "ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელსაც გაახსენდა, რომ მიიღო დაზიანებები და განიცადა მძიმე ტკივილი ლევანისგან შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სავარაუდოდ, მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაიწყეს დაიწყეს საქმის შეკერვა ხაბეიშვილის წინააღმდეგ.

სურთ გამოიყენონ ეს საქმე პოლიტიკური ლიდერის გასანეიტრალებლად, მაგრამ წარდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა, მას დაზიანებები არ მიუღია, რაც ნათლად ჩანს ვიდეომასალებში”, - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

"მინდა მოვუწოდო ირაკლი ზარქუას მისსავე ენაზე - ირაკლი, ჯიგარო არ მიცემიხარ, არც გვერდები მიტკენია, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და თავად მოუყევი მოსამართლეს, რომ რაც დაწერე ტყუილი იყო" - ამის შესახებ ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება მის წინააღმდეგ.

"საზოგადოებამ კარგად ნახა რაც მოხდა, როდესაც ირაკლი ზარქუა მოჰყვა მოთქმა-გოდებას ხაბეიშვილმა მცემა და ნეკნები დამიმტვრიაო. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ჩემი საუბარი უფრო ტკივათ, ვიდრე ფიზიკურად რაიმე ეტკინა ირაკლი ზარქუას. ტკვილს განიცდიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური, რომლებიც საჯაროდ ვამხილე დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ. შესაბამისად, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება ჩემს წინააღმდეგ, რომელიც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარეობს”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.