არსებობენ ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. ბევრი ახლანდელი ლიდერი მათი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, საჯარო გამოსვლებისას მათი ციტატებით მიმართავს აუდიტორიას და ასე ცდილობს მისი გულის მოგებას. თავის მხრივ კი აუდიტორია სახელოვანი საზოგადო მოღვაწის სიტყვების ციტირებისას უფრო მეტად ენდობა სიტყვით გამომსვლელს.
მსოფლიო ლიდერების შთამაგონებელი მიმართვები საინტერესოა არა მხოლოდ დღევანდელი და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერებისთვის, არამედ სამოქალაქო პირებისთვისაც. ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლებზე საუბრისას მაშინვე გვახსენდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის უმნიშვნელოვანესი სიტყვა (We should never surrender), რომელიც 1940 წელს წარმოთქვა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, უინსტონ ჩერჩილის არაერთ ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოსვლას შორის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 1946 წელს ფულტონში, მისურის შტატში (აშშ) ნათქვამი სიტყვები, როცა მან პირველად გამოიყენა გებელსის ტერმინი „რკინის ფარდა“ (იგივე საზღვარი, რომელიც სიმბოლურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად ყოფდა ევროპას ორ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცივი ომის დასრულებამდე (1945-1990). ამ უმნიშვნელოვანეს გამოსვლასთან ერთად, ერთ წიგნშია გაერთიანებული მსოფლიოს ლიდერების მიმართვები 1945 წლიდან დღემდე და ის მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა, აერთიანებს 38 ლიდერის გამოსვლას და უინსტონ ჩერჩილის 1946 წელს წარმოთქმული სიტყვიდან ამონარიდთან ერთად, გიზიარებთ კიდევ 4 ლიდერის ემოციურ და უმნიშვნელოვანეს გამოსვლას.
უინსტონ ჩერჩილი - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1940-45წწ; 1951-55წწ
1946 წელი, ფულტონი, მისურის შტატი.
მეორე მსოფლიო ომი რამდენიმე თვის დასრულებულია. უინსტონ ჩერჩილი და აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი უესტმინსტერის კოლეჯთან ესკორტის თანხლებით მივიდნენ, სადაც ათასობით ადამიანი ელოდებათ, სწორედ აქ წარმოთქვამს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი სიტყვებს, რომელიც აშშ-სა და მთელი დასავლური დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს მესიჯებს შეიცავს:
„ცოტა ხნის წინ ალიანსის გამარჯვებებით განათებულ სცენაზე სიბნელე ჩამოწვა... ბალტიის ზღვის შჩეცინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე, მთელი კონტინენტის გასწვრივ „რკინის ფარდა“ დაეშვა. ამ ბარიერის იქით დარჩნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი დედაქალაქები: ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია - და ყველა ეს ცნობილი ქალაქი და მოსახლეობა მოქცეულია, როგორც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროში და ყველა მათგანი, ამა თუ იმ ფორმით წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოთა გავლენის ობიექტს, არამედ იმყოფება მოსკოვის ჭარბი და მზარდი კონტროლის ქვეშ. მხოლოდ ათენს - საბერძნეთს, მისი უკვდავი დიდებით - აქვს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი არჩევნებზე ბრიტანეთის, ამერიკისა და საფრანგეთის დაკვირვების რეჟიმში. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლონეთის მთავრობა წაახალისეს, განეხორციელებინა გერმანიის ტერიტორიის მასშტაბური და უკანონო ხელყოფა და ახლა ადგილი აქვს მილიონობით გერმანელის სამწუხარო და წარმოუდგენელ მასობრივ გაძევებას...
ომის შემდგომი მსოფლიო ვერაფრით იქნება მართლა უსაფრთხო, ახალი, ერთიანი ევროპის შექმნის გარეშე, რომლის არცერთმა ერმა არ უნდა იგრძნოს თავი სამუდამოდ გარიყულად ევროპის ერთა ოჯახიდან...“ - ამბობდა ჩერჩილი.
ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი
უდიდესმა მეცნიერმა ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის თეორია, ასევე, უდიდესი წვლილი შეიტანა კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 აინშტაინმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. მის უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან ერთად, დაუვიწყარია მეცნიერის სიტყვით გამოსვლა 1945 წელს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების ორმოცდამეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ვახშამზე.
აინშტაინი გამოვიდა ინიციატივით, დაარსებულიყო საერთაშორისო, სახელმწიფოების ზემდგომი ინსტანცია, რომელსაც მთავრობები თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილს გადააბარებდნენ და რომელიც დაიცავდა ატომური ბომბის შექმნისათვის საჭირო ტექნოლოგიების საიდუმლოებას და იქნებოდა გარანტი „კაცობრიობის უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობისა“. 1955 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანელ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსთან, ბერტრან რასელთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცნობილია, როგორც რასელ-აინშტაინის დოკუმენტი. ეს იყო ერთგვარი მოწვევა, განეხილათ საფრთხეები, მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა რომ წარმოადგენდა კაცობრიობისთვის. საბოლოოდ, აინშტაინის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.
„დღეს, ფიზიკოსებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყველა დროის ყველაზე საზარელი და საშიში იარაღის შექმნაში, არანაკლებ აწუხებთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თუ დანაშაულისა არა. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ გაფრთხილება და კვლავ და კვლავ, არ უნდა შევასუსტოთ მცდელობა, რათა მსოფლიოს ერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებებს ვამცნოთ, როგორ ენით აღუწერელ და გარდაუვალ კატასტროფას გამოიწვევენ, თუ არ შეცვლიან დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მომავლის მიმართ“, - ამბობდა უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.
მარტინ ლუთერ კინგი - ამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი
მარტინ ლუთერ კინგი ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული კონფერენციის პირველი პრეზიდენტი, რა პერიოდშიც ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა არაძალადობრივ პროტესტს. მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა - „მე მაქვს ოცნება“, რომელიც 1963 წელს აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა. მომდევნო წელს კი გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
„მეგობრებო, მე თქვენ მოგმართავთ დღეს: მიუხედავად იმისა, რომ დღეს-ხვალ სირთულეებს ვაწყდებით, კვლავ მაქვს ოცნება. ეს არის ოცნება, რომელიც ღრმად ეფუძნება ამერიკულ ოცნებას.
მე მაქვს ოცნება და მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენი ერი აღდგება და ნამდვილად იცხოვრებს თავისი მრწამსის შესაბამისად: „ჩვენთვის უპირობოდ ცხადია ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორობისთვის“. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯიის წითელ გორაკებზე ყოფილი მონებისა და ყოფილი მონათმფლობელების შვილები შეძლებენ, ძმობის მაგიდას ერთად მიუსხდნენ. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისისიპის შტატიც კი, რომელიც უსამართლობისა და ჩაგვრის ალშია გახვეული, თავისუფლებისა და მართლმსაჯულების ოაზისად გარდაიქმნება. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ოთხი პატარა შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა მათი კანის ფერის, არამედ მათი პიროვნული თვისებების მიხედვით“, - ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი 1963 წლის თავის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლაში.
დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამოსვლები მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებს ჰქონდათ არამხოლოდ მე-20 საუკუნეში, რომლის შუა ხანებში და რომლის ბოლოსაც მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, არამედ ჩვენს ეპოქაშიც. მათ შორის გამორჩეულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველის მალალა იუსაფზაის გამოსვლებიც.
38-ვე სიტყვას სრულად წაიკითხავთ „ლურჯი ოკეანის“ მიერ ნათარგმნ და გამოცემულ კარლო ბატას კრებულში.
წიგნით დაინტერესებული პირებისთვის 24 მარტს, ხუთშაბათს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს...“
შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე ისაუბრებენ საკუთარ იდეებზე, რომლებისაც სწამთ და განიხილავენ კარლო ბატას წიგნში - ,,მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ - წარმოდგენილი სპიკერების სიტყვით გამოსვლებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად დააჭირეთ აქ.