ამერიკელი მწერალი, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და რედაქტორი ედგარ პო ამერიკული რომანტიზმის წარმომადგენელი გახლდათ.ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, ვინც თავის ნაწარმოებებს მოკლე მოთხრობების სახით წერდა და ლიტერატურაში დეტექტიურ-ფანტასტიკური ჟანრის შემქმნელად მიიჩნევა.
უზრუნველყოფილი ბავშვობა
ედგარ ალან პო 1809 წლის 19 იანვარს დაიბადა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში. მისი მშობლები, მოხეტიალე დასის მსახიობები მაშინ გარდაიცვალნენ, როდესაც ედგარს ორი წელი შეუსრულდა. დედა ინგლისელი იყო, მამა - ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი. ბავშვი მდიდარმა ვაჭარმა იშვილა - ჯონ ალანმა.
ედგარის ბავშვობამ საკმაოდ მდიდრულ გარემოში განვლო. ალანები არაფერს იშურებდნენ მის აღსაზრდელად და მართალია, ხანდახან საქმეები ცუდად მისდიოდათ, ბიჭი ამას ვერ გრძნობდა: უფლისწულივით მოსავდნენ, საკუთარი ცხენი ჰყავდა, თავისი ძაღლები. როცა ექვსი წლის გახდა, ალანები ინგლისში გადავიდნენ და ბიჭუნა ლონდონის ძვირად ღირებულ პანსიონში მიაბარეს, სადაც ხუთი წელი ისწავლა. როდესაც ოჯახი აშშ-ში დაბრუნდა, ედგარი კოლეჯში ჩაირიცხა, შემდეგ კი რიჩმონდის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
ედგარი ადრე განვითარდა: ხუთი წლის კარგად კითხულობდა, ხატავდა, წერდა, ჯირითობდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ინგლისურსა და ლათინურში გაიღრმავა ცოდნა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ხასიათით - ბავშვობიდან არამყარი, მგრძნობიარე, ფიცხი იყო. სხვებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა. ადრეული წლებიდან წერდა ლექსებს, უყვარდა ფსიქოლოგიური ცდების ჩატარება საკუთარ თავსა და სხვებზე. სხვებს ყოველთვის აგრძნობინებდა საკუთარ უპირატესობას.
მოხეტიალე ცხოვრება
ედგარისთვის მდიდრული ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როდესაც 17 წლისაც არ იყო. უნივერსიტეტში სულ ერთი წელი დაყო, 1826 წლის შემოდგომაზე კი ჯონ ალანსა და მის შვილობილს შორის განხეთქილება მოხდა. ძნელია გარკვევა, ვინ იყო დამნაშავე. ამბობენ, რომ ედგარმა ჯონ ალანის ხელმოწერით თამასუქები გააყალბა, რომ ერთხელ მთვრალმა მასზე ხელიც აღმართა. მეორე მხრივ, უცნობია, ედგარი რას ითმენდა მდიდარი მფარველისგან, რომლისთვისაც უცხო იყო ხელოვნება და პოეზია. როგორც ჩანს, ყველაზე გულწრფელად ედგარი მხოლოდ ქალბატონ ალანს უყვარდა, მისი ქმარი კი უკმაყოფილო იყო ექსცენტრიკული შვილობილით.
მეურვესთან ჩხუბის შემდეგ ედგარ პოსთვის მოხეტიალე ცხოვრება დაიწყო. ალანების სახლის დატოვებისთანავე მშობლიურ ბოსტონში გაემგზავრა, სადაც "ბოსტონელის" ფსევდონიმით დაწერა ლექსების კრებული "თემურ ლენგი და სხვა ლექსები", რომელსაც დღის შუქი არ უნახავს. უბრალო ჯარისკაცად წავიდა ჯარში, გამოგონილი სახელით. თითქმის ერთი წელი იმსახურა და სერჟანტ-მაიორის ჩინიც მიიღო. თუმცა დიდხანს ვერ გაუძლო ასეთ მდგომარეობას და ისევ მამობილს მიმართა დახმარებისთვის. ჯონ ალანმაც, ალბათ ცოლის ზეწოლით, ჭაბუკი შეიწყალა, ფული გადაიხადა და ედგარი ჯარისგან იხსნა. თუმცა რიჩმონდში დაბრუნებულ ედგარს მფარველი აღარ დახვდა - ქალბატონი ალანი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.
ედგარი ბალტიმორში მამის ნათესავებთან ჩავიდა - დასთან, ბებიასთან, ბიძია გეორგ პოსა და მის შვილ ნელსონ პოსთან. მათი კავშირების მეშვეობით გაეხსნა გზა, პირველი ლექსები გამოექვეყნებინა ადგილობრივ გაზეთებში, 1829 წლის ბოლოს კი გამოიცა მისი ლექსების კრებული.
ჯონ ალანი კვლავ აძალებდა, სწავლა დაესრულებინა. გადაწყდა, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა. ედგარი უხალისოდ დადიოდა აკადემიაში, მერე კი იმდენი ქნა, ერთ წელიწადში გარიცხეს. ამით დაიბრუნა საბოლოოდ თავისუფლება ახალგაზრდა პოეტმა და ისევ წაეჩხუბა ჯონ ალანს.
1831-დან 1833 წლამდე ედგარ პოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდი იყო - მაშინ ბალტიმორში ცხოვრობდა თავის დეიდა კლემთან, რომლის ქალიშვილ ვირჯინიაზეც იქორწინა მოგვიანებით. ამის შემდეგ მცირე ხნით ედგარის კვალი იკარგება, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უკიდურეს სიღატაკემდე მივიდა.
უეჭველად, ეს წლები ედგარი ბევრს მუშაობდა. იმ პერიოდს ეკუთვნის მისი ნოველების დიდი ნაწილი. 1833 წელს ბალტიმორის ყოველკვირეულმა ჟურნალმა საუკეთესო მოთხრობისა და საუკეთესო ლექსის კონკურსი გამოაცხადა. ჟიურის წევრებმა ედგარის ლექსებიც და მოთხრობებიც საუკეთესოდ აღიარეს. ეს პირველი სერიოზული აღიარება იყო. თუმცა, რასაკვირველია, ერთსა და იმავე ადამიანს ვერ მისცემდნენ ორ პრემიას, ამიტომ მხოლოდ მისი მოთხრობა "ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი" აღნიშნეს ასი დოლარის ოდენობის პრემიით. ფულმა დროულად მოუსწრო - იმ პერიოდში ავტორი ლამის შიმშილობდა. თუმცა ამ აღიარების შემდეგ უკვე ხშირად გამოსცემდა პოემებსა და მოთხრობებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობდა და ფილადელფიაში საკუთარი ჟურნალის გამოცემასაც გეგმავდა.
1836 წელს დეიდასთან დაბრუნდა და 27 წლისამ ქალბატონ კლემის ქალიშვილზე, 13 წლის ვირგინიაზე იქორწინა, რომელსაც დიდხანს არ უცოცხლია საყვარელი ქმრის გვერდით - ტუბერკულოზით დაავადდა და ნაადრევად გარდაიცვალა. კვლავ დაიწყო უბედური ცხოვრება.
თვით ედგარ პომაც სიცოცხლის ბოლო წლები ხეტიალში გაატარა, ნახევრად შეშლილმა, წარმატებებისა და დაცემების, გამუდმებული ცილისწამების ფონზე. ვირგინიამ სიკვდილის წინ ედგარის მეგობარ ქალბატონ შიუს დაადებინა ფიცი, რომ მისი ქმარი არასდროს მიეტოვებინა. ედგარიც თავს აჩვენებდა, თითქოს შეყვარებული იყო, ქორწინებაზეც დათანხმდა, თუმცა გენიალური ნაწარმოებების შექმნის პარალელურად ალკოჰოლს მიეძალა. მის გვერდით ყოფნა სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, ფსიქიკურ აშლილობამდე მიდიოდა. ქალბატონმა შიუმ გადაწყვიტა, საერთოდ გასცლოდა.
1849 წელს კი დასასრულიც დადგა - ედგარ პო დიდი წარმატებით კითხულობდა ლექციას რიჩმონდში "პოეტური პრინციპის" შესახებ. რიჩმონდიდან ჯიბეში 1500 დოლარით გამოვიდა. რა მოხდა შემდეგ, საიდუმლოდ რჩება. შეიძლება, პოეტი საკუთარი დაავადების გავლენის ქვეშ მოექცა. შეიძლება, მძარცველებმა ნარკოტიკებით გათიშეს... ედგარ პო უგონო მდგომარეობაში იპოვეს, გაძარცვული. ბალტიმორში დააბრუნეს, სადაც საავადმყოფოში 1849 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)