ავტორი:

"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე

"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე

ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე 91 წლის ასაკშიც ახერხებს მუშაობის გაგრძელებას. ლეგენდარულმა ექიმმა წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში მან თავსდატეხილ ტრაგედიებზე ისაუბრა.

- უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ვიდრე დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში.1989 წელს ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ დაინგრა ჩემი ცხოვრება, ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა, ეს იყო რაღაც საშინელება, ამისი არც მოყოლა შეიძლება, არც თქმა... ჩემი უმცროსი შვილი მომავალი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი.

რამდენიმე წელიწადში მეუღლე გულით გარდამეცვალა.

ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა, წლების განმავლობაში ასე იყო. იმ დღეს, როდესაც დაიღუპა, შაბათი იყო, სამსახურში წავიდა, ოპერაცია გააკეთა და შემდეგ მეგობრებთან ერთად იყო. გურამ საღარაძე მიყვებოდა, ნარდს ვთამაშობდით, გავფრცქვენი მანდარინი და პირში ჩავუდეო, მერე იმან გაფრცქვნა, მაწვდიდა და უკან-უკან წავიდა... და ადგილზე გათავდაო.

რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილი გარდამეცვალა, ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა, ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.

ლაპარაკობენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თქვენს თვალზე ცრემლი არ უნახავთო, ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემ ბალიშს.

აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ, ამას სიცოცხლე ჰქვია? - მეუბნებიან, ამდენი წლის ხარ და რა კარგად გამოიყურებიო. ეს მე სულ არ მჭირდება და არც რეალური არ არის, მე არაფერი გადამიტანია, მე ყოველ საათს, ყოველ წუთს ვიტან ამას.

ახლა შვილთაშვილები მყავს, ტყუპი, შვილიშვილები, მათთვის მიდგას სული და მათი შეწუხება არ მინდა. არც მინდა, რომ იგრძნონ რამე მაწუხებს, რამის სურვილი მაქვს, არა, მე ყოველთვის კარგად ვარ.