ავტორი:

"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს იტალიის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსულ ძალებს სურთ ევროპის დანარჩენ ნაწილში შეჭრა.

"რუსული ჯარებისთვის უკრაინა არის ევროპის კარიბჭე, სადაც მათ უნდათ შეღწევა, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ რუსეთს უფრო მეტი სანქციები დაუწესდეს.

"არ გახდეთ მკვლელების კურორტი“, - განაცხადა ზელენსკიმ და იტალიელ პარლამენტარებს შეახსენა, რომ უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა:

"ისინი (იგულისხმება რუსული ელიტა - ambebi.ge), თითქმის ყველანი იყენებენ იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, ჩაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და ფეხზე წამოვაყენოთ უკრაინა",- განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოიჩინა გმირული წინააღმდეგობა და იტალია მხარს დაუჭერს ოფიციალურ კიევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

"რუსეთის მთავრობის ამპარტავნობა შეეჯახა უკრაინელი ხალხის ღირსებას, რომელმაც მოახერხა მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და დამპყრობელ ჯარისადმი უზარმაზარი საფასურის დაკისრება“, - განუცხადა დრაგიმ პარლამენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, ხვალ, 23 მარტს დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაშიც.

იხილეთ ასევე: