ავტორი:

"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"ჩცდ"-ს ამ სეზონზე ახალი პერსონაჟი, სოსო შეემატა. ის კატოს ახალი რჩეულია. ცოტა უცნაური პერსონაჟია, თუმცა კატოს ის ჯერჯერობით მოსწონს და მასთან თავს ბედნიერად გრძნობს. ამ როლს მსახიობი დევი ბიბილეიშვილი თამაშობს. ის მუსიკისა და დრამის ახალი თეატრის მსახიობია. როგორც ამბობს, მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა, მოსწონდა ეს პროფესია და გახდა კიდეც მსახიობი:

"საერთოდ ის ადამიანი ვარ, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად რაღაცების აღმოჩენას ვცდილობ. ჩემს საქმიანობაშიც სულ სიახლეებს ვეძებ. ექსპერიმენტებიც მიყვარს... პროფესიის გარდა ბევრი რამ მიზიდავს" - გვეუბნება დევი და ინტერვიუს სერიალზე საუბრით ვაგრძელებთ.

- გერმანიაში, კიოლნში ვიყავი, როდესაც დამირეკეს. ვიდეო კასტინგისთვის იქვე ჩავწერე და გამოვუგზავნე. მერე შემატყობინეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი. ჩამოვედი თუ არა, გადაღებაზე მივედი... მალე კორონა დამემართა, მოგვიანებით - ომიკრონი. ამის გამო ფორმაში დაბრუნება ცოტა გამიჭირდა. ჯერ კიდევ ვერ ვარ სათანადო ფორმაში, რომელიც მახასიათებს, ვცდილობ, ძალები მალე აღვიდგინო და ამან საქმეზე არ იმოქმედოს.

- სერიალს როგორ აფასებთ?

- ყველა სეზონი და სერია ნანახი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ამდენი წელი ეს პროექტი რომ არსებობს, მგონი, ბევრ რამეზე მეტყველებს. მას აქვს სხვადასხვა მიმართულება და ფართო სპექტრის, ჟანრობრივი განხრის პროექტია. ყველაფერს მოიცავს... ქეთი დევდარიანი ამ თემებს, ყოველდღიურსაც საინტერესოდ ეხება და სერიალს ასევე საინტერესო პერსონაჟები ჰყავს...

- "სამზარეულო" მოგეწონათ?

- ჩემთვის უცხო არ ყოფილა. რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან ადრეც მიმუშავია. იყო ასეთი ნოველებისგან შექმნილი სურათი - "ჭამა და სექსი,“ სადაც პირველ ნოველაში მე და გიორგი ვარდოსანიძემ ვითამაშეთ. ამის გარდა არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად, "გააგრძელე საქართველოს ისტორია", სადაც მეფე ერეკლე ვითამაშე, იყო კიდევ ფილმები - სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანიც, სერიალი "გოგონა გარეუბნიდან"... ასე რომ, გამოცდილება მქონდა, ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა გამოცდილების კუთხით ახალი გამოწვევები ყოველთვის კარგია.

- თურმე ინტერვიუ არ გიყვართ...

- კი, არაერთხელ მითქვამს ინტერვიუზე უარი. თეატრში ბევრი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები, მათ შორის, საუკეთესოც ყოფილა, ახლა "დაქალებში“ შემოვედი და მაინცდამაინც ამის გამო აჭრელდეს პრესა?! ცოტა უხერხულია. სადღაც საინტერესოცაა ალბათ, როცა მსახიობზე ბევრი რამ არ იცი და მასზე ინფორმაციას ნელ-ნელა იგებ და არა ერთბაშად, ერთ ინტერვიუში. შემდეგ სერიალიდან გადიხარ და არავის აღარ ახსოვხარ - ესეც ისეთია, რა... ამიტომ ყველაფერს დოზირება სჭირდება.

- თქვენი პერსონაჟი "ჩცდ"-ში გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა...

- სოსოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გარკვეული, ანუ არ ვიცით, საბოლოო ჯამში როგორია. ამიტომ, რაც ჩანს, იმის მიხედვით ვიტყვი, დადებითი თვისებები საკმარისად აქვს. არის მიზანდასახული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქამდე, სადამდეც უნდა, რომ მივიდეს. ცოტა მძიმე კაციცაა... იცის, საზოგადოებასთან მოქცევა, მაგრამ იმის იქით სასწაულად მესაკუთრეა. რაღაც ხაზებს ავლებს და რაღაცებს აწესებს. როგორც კი ვინმეს თავისად მიიღებს, გადაწყვეტს, რომ უკვე მისია...

- როდესაც ეს პერსონაჟი შემოგთავაზეს, რა იფიქრეთ?

- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და უკვე საინტერესო იყო მისი თამაში. მერე ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა გავიგე, რომ კატოს მანამდე ბევრი ქმარი ჰყავდა. ამიტომ რაღაც განსხვავებული უნდა შემექმნა. ვეძებდი რაღაცნაირ უცნაურ ტიპს. სოსო არ არის სტერეოტიპული პერსონაჟი, რომ დაინახავ და გამოიცნო, ვთქვათ, რომელი უბნიდანაა, ან როგორი ხასიათისაა.

- კატოს მოსწონს და ამბობს კიდეც, რომ ღირდა ამდენი ქმრის გაშვება იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში სოსო გაჩენილიყო. ღირდა ეს ლოდინიო...

- ამას როცა ამბობს, გოგებთან თავისებურად იპრანჭება. თუმცა რაღაცებს, რაც სოსოში არ მოსწონს, იმას არ ამბობს, თითქოს არ იმჩნევს. ასეა, უყვართ ადამიანებს საკუთარი ბედნიერების აფიშირება. ჯერჯერობით ფიქრობს, რომ ამას რაღაცნაირად მოერევა, მასზე ზეგავლენას მოახდენს. არადა, მგონი, პირიქით არის, სოსოს სხვა განზრახვა აქვს...

- რამდენად შეძლებს თითოეული თავის განზრახვის განხორციელებას, ამას შემდეგი სერიები აჩვენეს... თუმცა ამ ეტაპზე სოსოს უცნაურობას მეც ვადასტურებ...

- კი, მარტივად ვერ შეიცნობ. ამბობს, რომ აქვს თევზის ბიზნესი და მეტი არაფერი ვიცით... აშკარად ფულის პატრონია, არც ხელმომჭირნეა და საჩუქრებს რაღაცისთვის არ აკეთებს. ეს ხელგაშლილობა მისი თვისებაა... კარგია, როცა საჩუქრებს აკეთებ, ადამიანზე ზრუნავ, ყურადღებას გამოხატვა, მაგრამ ისე, როგორც ამას სოსო აკეთებს, დაუშვებელია. ჩემთვის, დევისთვის, სოსოს პიროვნება მიუღებელია. არაფერში არ ვეთანხმები. წვრილმანებში მისი ასეთი ჩართულობა, როგორც კაცს, ძალიან მაღიზიანებს. საერთოდაც არ მგონია, მოსაწონი იყოს.

კატოს "ლაივებს" უყურებს და ეჭვები, ფიქრები არ ასვენებს. ამავე დროს მარტივი ქალებიც არასდროს მოსწონდა. კატოში ბევრი სირთულეა, საინტერესოა, ხიფათიც საკმაოდაა, ალბათ ეს იზიდავს, მაგრამ უნდა საპირისპიროდ აქციოს...

- შესაძლებელია სოსოს ცხოვრების სხვა ეპიზოდები გაგვიხსნას სცენარისტმა, ანუ მისი განვლილი ცხოვრებიდან, ანუ რამ განსაზღვრა სოსოს ასეთი ხასიათი?

- შესაძლებელია. თუმცა თევზის ბიზნესიც შირმა რომ იყოს, არც ამას გამოვრიცხავ... რომც არ გვაჩვენოს სცენარისტმა მისი წინა ცხოვრება, უკვე ვიცით, რომ ცხოვრებაში ჰქონდა ურთიერთობები და არის დაკომპლექსებული ადამიანი...

- "საერთო ექაუნთი" მგონი, კულმინაციაა...

- არ გამოვრიცხავ, რომ ამით კატოს ცდიდეს კიდეც ანუ რამდენზეა წამომსვლელი. რაზე შეუძლია თქვას უარი და რაზე - არა. მგონი, ტესტებს უტარებს. შეიძლება ასე არც ფიქრობდეს, რომ მათ საერთო ექაუნთი უნდა ჰქონდეთ. ეს ჩემი აზრია... რაც შემეხება მე, ვცდილობ, სოსო ისეთი იყოს, როგორიც არის, "ჩუმი გიჟი", ბუნებით რბილი, მორცხვიც, მორიდებულიც, კარგი ადამიანიც, მაგრამ შინაგანად მეტი ამბიციით, ვიდრე ეს ჩანს.

- მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, როგორ პარტნიორია?

- სერიალამდე შორიდან ვიცნობდი, მისი როლები მქონდა ნანახი. რაც შეეხება პარტნიორს, საქმის პროფესიონალია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მომზადებული და აქვე ძალიან მეგობრული ადამიანია. დიდი კომფორტია მასთან მუშაობა და მეგობრობა.

- თქვენი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი გაგვაცანით და აქვე როგორ აფასებენ თქვენს ამ როლს?

- მყავს მეუღლე სალომე ალანია და 8 წლის დემეტრე ბიბილეიშვილი. 10 წელია დაოჯახებული ვარ. მეუღლე ჟურნალისტია, მუშაობდა პროფესიით, მაგრამ ახლა ბიზნესს აკეთებს. მეუღლე მოდის ჩემს პრემიერებზე და საკმაოდ გულწრფელად მაფასებს, მეუბნება, რა მოსწონს და რა - არა. ჩვენს ურთიერთობაში ამას ვაფასებ. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ სერიალსაც უყურებს ცხადია... დემეტრეს ფეხბურთი აინტერესებს და ერთად ვუყურებთ ხოლმე. იცის, რომ სერიალში ვარ და რომ მამა არის ტელევიზორში, დიდად არ არის ჩართული...

- ქუჩაში ალბათ უკვე მეტად გცნობენ...

- კი, ყველა ნაბიჯზე. ხშირად ჩაფიქრებული, ჩემთვის მივდივარ, ვმოძრაობ და ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენ და მაინც მაფიქსირებენ. ბოლო დროს დავაკვირდი, რომ რაღაცნაირად შეფუთული დავდივარ. მოტოციკლის ჩაფხუტი მახურავს, პირბადე, სათვალე, რომ პირადი სივრცე მქონდეს.

არის, რომ ხანდახან ხასიათზე არ ხარ... იმ დღეს აეროპორტში მეგობარს ვხვდებოდი, მიცნეს - რამდენიმე მოვიდა, - აუ, შენ ის არ ხარ, სერიალში რომ თამაშობ? სასიამოვნოც არის, ვიღაც სურათს იღებს, სითბოს გამოახატავს, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელიცაა. ჯამში კი ამ ყველაფერთან საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალურად და ჯანსაღად ვიღებ.