რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის ფედერაციას მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ "ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება.
თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,"- განაცხადა პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, თებერვალში პუტინმა გასცა ბრძანება რუსეთის ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. 14 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ბირთვული კონფლიქტის ოდესღაც "წარმოუდგენელი" პერსპექტივა კვლავ რეალობა გახდა.