ავტორი:

"თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით - საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას" - კახა კალაძე

"თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით - საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას" - კახა კალაძე

მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს - მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში 5 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი გამოიყენეს, სამუშაოების შეფერხებას კი იწვევს გადაუღებელი თოვა.

"მარტის თვის უჩვეულო დიდთოვლობა გვაქვს დედაქალაქში. მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გარკვეული შეფერხებები იყო შემოერთებულ სოფლებში. ძირითადად ეს იყო ჩიხები, შესახვევები, სადაც დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემა შექმნა.

რა თქმა უნდა, "თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები მეექვსე დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა, ტექნიკური მარილის დაყრა. 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იქნა გამოყენებული.

დღესაც თოვს თბილისში. შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. შეფერხებები იყო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილი ყოფილიყო. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები. აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა პრობლემებს ვაწყდებით. ეს არის ავტომობილები, რომლებიც ქუჩაშია დაყენებული, ტექნიკა ვერ შედის და ვერ ახორციელებს სამუშაოებს. ეს გარკვეული პრობლემებია. მესმის იმ ადამიანების, სადაც ჯერ ვერ მივედით კონკრეტულ ქუჩებზე, ჩიხებსა და შესახვევში. მეგობრებო, დაახლოებით 750-მდე ქუჩა, შესახვევი და ჩიხია - წყნეთი, ტაბახმელა, კიკეთი... ყველა მობილიზებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შეფერხებას ასევე იწვევს გადაუღებელი თოვა. მიუხედავად ამისა, არ ვჩერდებით. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. პატარა შეფერხება იყო, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას“,- აღნიშნავს კალაძე.

მან მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა, კერძოდ, თავად გაწმინდონ საკუთარ სახლთან არსებული ტერიტორია.

"თუ იქნება მხარდაჭერა მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს ადამიანმა, მგონი არ წარმოადგენს პრობლემას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართულია კონკრეტული სივრცის გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნავს კალაძე.