ავტორი:

"ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის... ილოცოს, არსად გადამეყაროს" - რატომ დაუპირისპირდა ქართველი "მატადორი" ბრიტანელ მებრძოლს ოქტაგონს მიღმა?

"ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის... ილოცოს, არსად გადამეყაროს" - რატომ დაუპირისპირდა ქართველი "მატადორი" ბრიტანელ მებრძოლს ოქტაგონს მიღმა?

19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯაი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. პირველი რაუნდი ძალიან დაძაბული გამოდგა - ინგლისელმა ილია ნოკდაუნში გაუშვა, მაგრამ ქართველმა გაუძლო, წამოდგა და რაუნდის დიდი ნაწილი პარტერში გაატარა, რითაც ძალები აღიდგინა. მეორე რაუნდში ჰერბერტი ისევ დისტანციაზე აგრძელებდა ჩხუბს, თუმცა ჩვენებურმა მოახერხა და ინგლისელი ნოკაუტში ჩააგდო...

შედეგად თოფურიამ კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ქართველმა საბრძოლველად ბრიტანელი პადი პიმბლეტი გამოიწვია.

თუმცა მანამდე ქართველ მებრძოლს კიდევ ერთი ჩხუბი მოუხდა ოღონდ ოქტაგონს გარეთ და სწორედ იმავე პადი პიმპლეტთან.

ვიდრე ამ ამბავს მოგიყვებოდეთ, მოდი, გავიხსენოთ ილიას გზა ახალ გამარჯვებებამდე:

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს, გერმანიის ქალაქ ჰალეში დაიბადა, ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯითსუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ. ის შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში ასპარეზობს. ილია დღეს ესპანეთში ცხოვრობს. მისი საბრძოლო მეტსახელიც ამ ქვეყანას უკავშირდება. მას "ელ-მატადორს“ ეძახიან.

16 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ილია თოფურიამ პადი პიბმბლეტთან იჩხუბა.

"მე შენ გაგაფრთხილე! ეს არის შედეგი, როდესაც მე და ჩემს ქვეყანას პატივს არ გვცემ. დამინახე და მოსალმება გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე. მადლობა გადაუხადე ჩემს გუნდს, რომ უკან გამწიეს, თორემ თავს მოგაძრობდი. ეს არ არის "ტვიტერი", ეს რეალური ცხოვრებაა", - დაწერა მოგვიანებით ილიამ სოციალურ ქსელში.

დავინტერესდით, რამ გამოიწვია ილიას ასეთი რეაქცია. როგორ აღმოჩნდა, საქმე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება. ათლეტებს შორის დაპირისპირება 2021 წლიდან დაიწყო, უფრო ზუსტად, იმ დღიდან, როდესაც პადიმ 2008 წლის ომი უხეიროდ ახსენა, რაც ილიამ არ დაივიწყა.

"პირველად მის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც გურამ ქუთათელაძეს რაღაცაზე ეკამათებოდა. არ ვიცოდი, რაზე კამათობდნენ, რა იყო ამისი მიზეზი… ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც პიმბლეტმა დაწერა: "ახლა ზუსტად ვიცი, რატომ დაბომბა რუსეთმა საქართველო, ეს ბიჭები იდიოტები არიან".

ჩემი რეაქცია ლოგიკური იყო. ვიღაცამ ხუმრობად მიიღო ის ფაქტი, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვსაუბრობთ ბავშვებზე, ხალხზე, მათზე, ვინც ვერაფერს გააკეთებდა. ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ჩემი ოჯახის წევრი დაიღუპა... ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის... ყველაფერი აქედან დაიწყო. და რა უნდა ვთქვა მასზე, ვინც ამაზე ხუმრობს? იდიოტია, შეუგნებელი. თუ ის ფიქრობდა, რომ მის დანახვაზე უკან დავიხევდი, ძალიან შეცდა. ილოცოს, არსად გადამეყაროს, რადგან გავგიჟდები" - განაცხადა ილიამ. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ილიას პიმბლეტთან დაპირისპირების ვიდეო