ავტორი:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები – გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები – გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამასთან ერთად, შემთხვევათა ნახევარზე მეტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად უკვე გართულებულ სტადიაზე ვლინდება.

რა უნდა ვიცოდეთ წყლულოვან დაავადებაზე, მის რა მაპროვოცირებელ ფაქტორებს უნდა ვერიდოთ, როგორია სადიაგნოსტიკო საშუალებები და მკურნალობის პროცესი? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგს, სულიკო ბილისეიშვილს მივმართეთ.

რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებას და რა არის მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები?

კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლულების გაჩენის პირველი გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია. ამ ბაქტერიით ინფიცირებით არის განპირობებული შემთხვევათა ნახევარზე მეტი. მეორე, მთავარი მიზეზი არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო მედიკამენტები, მათ შორის, ასპირინი, იბუპროფენი და დიკლოფენაკია. მათმა ხანგრძლივმა და დიდი დოზებით გამოყენებამ, შესაძლოა, შეასუსტოს ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქცია და მასზე წყლულის წარმოქმნას შეუწყოს ხელი. ამ მედიკამენტებით გამოწვეული წყლულები, ხშირად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, პაციენტმა, რომელიც სისტემატურად იღებს მათ, სასურველია, სპეციალისტს მიმართოს და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე შესაბამისი კვლევები ჩაიტაროს.

წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკებს ზრდის ალკოჰოლის, თამბაქოსა თუ კოფეინის ჭარბად მოხმარებაც. ბოლო დროს კი იმატა ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან, ასოცირებულმა წყლულებმაც. იშვიათი მიზეზია, ასევე გასტრინომა, იგივე ზოლინგერ ელისონის სინდრომი. ის პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში ვითარდება და გვევლინება სიმსივნის სახით.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები უფრო ადრეულ, დაახლოებით, 18-30 წლის ასაკის პაციენტებში ვლინდება. კუჭის წყლულები კი უფრო ხშირია შუახნის და მის ზემოთ ასაკის ადამიანებში.

რა გართულებები ახასიათებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას?

გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ან შედარებით გვიან სტადიაზე. ადრე გამოვლენილი გართულებების დაახლოებით 20% სისხლდენაზე მოდის. შავი ფერის განავალი, სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი მასის ღებინება, შესაძლოა, კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენაზე მიანიშნებდეს. ადრეულ გართულებას წარმოადგენს პერფორაციაც, როდესაც კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის მთლიანობა ირღვევა და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება. ასევე, წყლულოვანი დაავადების გართულებაა პენეტრაცია – წყლულის მეზობელ ორგანოებში, მაგალითად, პანკრეასში ჩაზრდა. გვიანი გართულება, რომელიც უფრო მეტად კუჭზე ლოკალიზებულ წყლულს ახასიათებს, არის მალიგნიზაცია – წყლულის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება. ამიტომ, იმისთვის, რომ ეს გართულება არ გამოგვეპაროს, მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი ვაგრძელებთ პაციენტის მონიტორინგს – გარკვეული პერიოდულობით ვატარებთ ბიოფსიას და საკონტროლო გასტროსკოპიას.

რა კლინიკურ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებაზე?

წყლულების 60-70% სრულიად უსიმპტომოა. ხშირად მათი აღმოჩენა გეგმური კვლევების დროს ხდება. დანარჩენ შემთხვევებში, წყლულოვან დაავადებას მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი ახასიათებს. პაციენტები მას, როგორც მღრღნელ ტკივილს ისე აღწერენ. ასევე, ხშირია კუჭის არეში წვის შეგრძნება, გულძმარვის გაძლიერება, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, სიმძიმე და სისავსე კუჭის არეში. თუ წყლული თორმეტგოჯა ნაწლავზეა ლოკალიზებული უფრო მეტად თავს იჩენს მშიერი ტკივილი ანუ ტკივილი ცარიელ კუჭზე. წყლულის კუჭზე ლოკალიზების შემთხვევაში კი, ტკივილი პაციენტს უფრო მეტად ჭამის დროს ან შემდეგ ეწყება.

რა საშუალებები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დიაგნოსტირებისთვის?

დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიაა, რომლის დროსაც საყლაპავ მილს, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს ვათვალიერებთ. ასევე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ კუჭის მჟავიანობა. ვატარებთ ურეაზას სწრაფ ტესტსაც, რომლითაც ვიგებთ წყლული ჰელიკობაქტერიითაა გამოწვეული თუ არა.

თოდუას კლინიკის, როგორც ცენტრალურ ისე ვერაზე მდებარე მის ახალი ფილიალში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დეტალურად გამოკვლევის ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ეს მოიცავს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო საშუალებების სრულ სპექტრს.

როგორია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის პროცესი?

ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ კომპლექსურია და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, სპეციალური მედიკამენტებით ლორწოვანი გარსის მთავარი დამაზიანებლის – მარილმჟავას სეკრეცია უნდა შევაჩეროთ. თუ წყლული ჰელიკობაქტერიითა გამოწვეული, უნდა გავაქროთ ბაქტერია ორგანიზმიდან, რისთვისაც ანტიბიოტიკურ თერაპიას მივმართავთ. ასევე, ვიყენებთ სპეციალურ მედიკამენტებს ლორწოვანი გარსის დამცველობით ფუნქციის აღსადგენად.

მედიკამენტების დახმარებით, ქირურგიული ჩარევა სულ უფრო იშვიათად ხდება. მას მივმართავთ მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს გართულებულ, სისხლმდენ, ასევე, გიგანტური ზომის წყლულებზე. ქირურგიულად ვმკურნალობთ მაშინაც, როდესაც კვლევებით დასტურდება, რომ წყლული მალიგნიზაციას განიცდის ანუ შესაძლოა სიმსივნედ გადაგვარდეს.

მკურნალობის დასრულებიდან 4-6 კვირაში პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შევაფასოთ. მონიტორინგს შემდეგაც განვაგრძობთ. საკონტროლო კვლევებს შორის პერიოდების განსაზღვრა კი პაციენტის ასაკზე, დაავადების სიმძიმეზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზეა დამოკიდებული.

NS