"მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს" - გურამ პეტრიაშვილი უკრაინელ ხალხსა და იქ გატარებულ 20 წელზე
ალბათ, ბევრს ახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე მწერალი გურამ პეტრიაშვილი, პრეზიდენტთან ერთად განდევნილი სამშობლოდან, სადაც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. ეს დრო მან უკრაინაში გაატარა. ულუკმაპურო და უსახლკარო მწერალი უკრაინამ იმ დროს მიიღო, როცა თავადაც ძალიან უჭირდა. მწერალი უკრაინელებს, მათ ხასიათსა და მოყვასის სიყვარულს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ამ ხალხს თავისუფლების სიყვარულს ვერაფერი ჩაუკლავს.
- ბატონო გურამ, თქვენ ქართველების დაპირისპირების გამო იქეცით ლტოლვილად, უკრაინელები კი ლტოლვილებად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო იქცნენ, თუმცა, ლტოლვილობა, რა მიზეზითაც უნდა იყოს, მუდამ მწარეა...
- იმიტომაც ვნერვიულობ ჩემს უკრაინელებზე ახლა, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვარ - უკრაინელები თავიანთი ლტოლვილობიდან სამშობლოში ამაყები დაბრუნდებიან, თავად კი მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს. სანამ ლტოლვილებად ვიქცეოდით, ზვიად გამსახურდიამ უკრაინაში საქართველოს ელჩად გამამწესა. როდესაც ვკითხე, პოლიტიკა არ ვიცი და უკრაინაში რა უნდა ვაკეთო-მეთქი? მიპასუხა, რასაც აქ აკეთებ - ქართულ ენას ემსახურები, იქაც უკრაინულ ენას ემსახურეო. ამ ქვეყანაში მანამდეც ვცხოვრობდი, უკრაინული ენაც ბრწყინვალედ ვიცი. სამწუხაროდ, მერე ბევრი რამ აირია და უკრაინაში ჩასვლისთანავე განადგურებულმა უკრაინელ მწერლებს მივაკითხე. ისინი, რომ იტყვიან, ტყავში გაძვრნენ და გვერდით დამიდგნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის წლები უკრაინისთვისაც მძიმე იყო, მათაც უჭირდათ. უკრაინელმა მწერლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის პარტიასთან დამაკავშირეს, სადაც უამრავი მეგობარი გამომიჩნდა. ამ პერიოდში ჩემი ერთადერთი საკვები მწერალთა კავშირის უფასო სასადილოში იყო, სადაც მშიერ შემოქმედებს აპურებდნენ, თუმცა, შიმშილთან ერთად, უკრაინაში ერთი ბედნიერება მაინც დამხვდა - მშვიდობა. უკრაინელებს მაშინ აზრადაც არ მოსვლიათ, ებრძოლათ ერთმანეთთან ან თუნდაც იქ მცხოვრებ რუსებთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ემოციური ხასიათით ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვგვანან და ჩვენსავით რომანტიკოსები და არაპრაგმატულები არიან.
- რით გვგვანან? ჩვენსავით შიდა დაპირისპირებით უკრაინელებს სამშობლო ხომ არასოდეს დაუზიანებიათ...
- როგორ ავხსნა ეს, არ ვიცი, თუმცა კითხვას შემოვაბრუნებ: პირადად თქვენ სად უფრო შეუბოჭავად იგრძნობთ თავს თქვენი ხასიათით, მაგალითად, გერმანელებთან, ებრაელებთან თუ უკრაინელებთან? ეჭვიც არ მეპარება, ამ კითხვაზე ქართველების უმეტესობა მიპასუხებს, რომ უკრაინელებთან უფრო ლაღად და თავისუფლად იქნება. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ უკრაინელები ჩვენსავით უფრო რომანტიკულები არიან, ვიდრე, მაგალითად, გერმანელები; უკრაინელებს ისევე ძალიან უყვართ პოეზია, როგორც ჩვენ. შეიძლება ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ უკრაინულ ფოლკლორში 400 000-ზე მეტი ლექსია. წარმოგიდგენიათ, ამდენი ლექსი ერთმა ერმა დაწეროს?! გააგრძელეთ კითხვა