ავტორი:

"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა

"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცნობილი მსახიობი, Give Life Foundation-ის დამფუძნებელი ჩულპან ხამატოვა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სამ შვილთან ერთად, ცხოვრობს. მან გადაცემაში "ესაუბრე კატერინა გორდეევას“ რუსეთიდან წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა. მსახიობის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხალხი მოატყუა, რადგან მანამდე პირობა დადო, რომ საომარი მოქმედებები არ იქნებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

"ომს სხვას ვერაფერს დავარქმევ. მე არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვამბობ, რომ ომი არ მინდა. მშვიდობა მინდა. მე ვიცი, რომ არ ვარ მოღალატე. ზუსტად ვიცი, რომ მოღალატე არ ვარ. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ სხვის მწუხარებას, ტკივილს, ტრაგედიას, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ვუწოდებ იმას, რაც ვიღაცას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების. მეშინია, არ დავკარგო ჩემი სინდისი და საკუთარი თავი...

იმისთვის, რომ რუსეთში დავბრუნდე, ახლა ორი გზა მაქვს. ერთია, რომ შევწყვიტო ლაპარაკი, რომ ეს ომი და ტრაგედიაა, არ მივაქციო ყურადღება იმას, რასაც ჩემი თვალით ვხედავ და რა ინფორმაციასაც ვიღებ ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან. მოვიტყუო თავი, მოვატყუო მსოფლიო, არ ვიცხოვრო სიმართლით. ეს კიდევ უკეთეს შემთხვევაში, თუ ისინი არ მაიძულებენ შავს თეთრი ვუწოდო. გავხდე გულგრილი და ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მხარი არ დავუჭირე. ვითამაშო მათი თამაშის წესებით, რომელსაც მიკარნახებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავბრუნდე რუსეთში ციხეში წასვლის გარეშე", - განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

მისი თქმით, ის ომის დაწყებისას რუსეთში არ იყო, შვებულებით სარგებლობდა, თუმცა ომის საწინააღმდეგო პირველივე ღია წერილს მოაწერა ხელი, რის მერეც მას "ურჩიეს", რომ რუსეთში არ დაბრუნებულიყო.

"როცა ამბობენ, რომ დაბრუნდით სამშობლოში გარანტიას გაძლევთ, რომ არაფერი მოგივათო, მე ამის არ მჯერა, რადგან ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი მე და მსოფლიოს დაგვპირდა, რომ ომი არ იქნებოდა, მაგრამ მოგვატყუა".

კითხვაზე, რა ბედი ეწევა ახლა Give Life ფონდის მუშაობას, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, ხამატოვამ განაცხადა:

"მინდა, ყველამ გაიგოს, ფონდი აგრძელებს მუშაობას. დიახ, დამფუძნებლად დავრჩები. ფონდს ჰყავს საოცარი გუნდი. სანამ ამის საშუალება მექნება, ფონდს დავეხმარები“.

მისი თქმით, ის ამჟამად ლატვიაში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. ის ეხმარება კონტაქტებითა და რჩევებით ყველას, ვისგანაც დახმარების თხოვნას იღებს.

მსახიობი არ გამორიცხავს, ​​რომ ოდესმე რუსეთში დაბრუნდეს, მაგრამ ამ დროისთვის ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსული ინტელიგენციის ნაწილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეწყვეტა ითხოვა. ერთიანი ტექსტი სოციალურ ქსელში მწერალმა და ჟურნალისტმა მიხაილ ზიგარმა გამოაქვეყნა.

"თანამემამულეებო!

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი სამარცხვინოა.

ეს არის ჩვენი სირცხვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები და შთამომავლებიც კი ვერ ჩამოირიცხავენ. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აგრესორ ქვეყანაში იცხოვრონ, არ გვსურს რცხვენოდეთ იმისა, რომ მათი არმია უდანაშაულო ქვეყანას დაესხა თავს. მოვუწოდებთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, უთხრან არა ამ ომს.

არ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთისთვის ან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენს. არ გვჯერა, ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების, თითქოს უკრაინას "ნაცისტები" მართავენ და მათგან "გათავისუფლება" სჭირდებათ.

ვითხოვთ, შეწყდეს ომი!"

ამ წერილს ჩულპან ხამატოვასთან ერთად ხელს აწერენ: მწერლები ბორის აკუნინი, დმიტრი ბიკოვი, დმიტრი გლუხოვსკი, მიხაილ ზიგარი, ვლადიმერ სოროკინი, რეჟისორები ანდრეი და ილია ხრჟანოვსკები, ვლადიმირ მირზოევი, ჟურნალისტები დმიტრი მურატოვი, ლეონიდ პარფენოვი, დრამატურგი ივან ვირიპაევი, გამომცემელი ირინა პროხოროვა.

ინტერვიუს დასასრულს, ჟურნალისტმა ხამატოვას ჰკითხა: რას აირჩევდა ასეთი არჩევანის შემთხვევაში - სამშობლო თუ ჭეშმარიტება? - ხამატოვა ატირდა.

"არ შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა, ისე გამოდის, რომ ერთმანეთს ვუპირისპირებ, არადა, ჩემთვის სამშობლო არ არის ის ხალხი, ვინც ადამიანების დასახოცად გაგზავნა სხვა ადამიანები. ჩემთვის სამშობლოს შიგნითაც არის ჭეშმარიტება. მე ვიცნობ ისეთ სამშობლოს, ადამიანებს ამ სამშობლოში, რომლებიც თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას. ახლა მათ ძალიან უჭირთ..." წყარო