უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არაერთ ტაძარს მისწვდა და დააზიანა. ამ ქვეყანაში 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს ასე ფაშისტები იქცეოდნენ, რადგანაც იმ დაბომბვებმა არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გაანადგურა. ეს იყო კატასტროფა და ახლაც კატასტროფაა. ამიტომაც დღეს უკრაინაში არსებულ ვითარებას სხვადასხვა დარგის ექსპერტი იმ წლებს ადარებს.
ღმერთმა არ ქნას, მსგავსი შედეგები დადგეს, თუმცა ცნობილია, რომ ასეთი განუწყვეტელი დაბომბვის დროს ქალაქ მარიუპოლში არსებული კულტურული ძეგლები მნიშვნელოვნად უკვე დაზიანდა. საერთოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე უხვად არის მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები, სხვადასხვა სიწმინდე, წმინდანთა ნეშტი...
"წმინდა გიორგის ეს უძველესი ჰაგიოგრაფიული ხატი კიევის სამხატვრო გალერეაში ინახება. იგი XI საუკუნით თარიღდება, ბიზანტიური წარმომავლობისაა და XVIII-XIX საუკუნეებში ქალაქ მარიუპოლის წმინდა ხარლამპის ეკლესიაში ესვენა. შეეწიოს ამ ხატის ძალა და მადლი სამშობლოს დასაცავად მებრძოლ გმირ უკრაინელ ხალხს! და ყველა კეთილ ადამიანს!“ - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძემ, რომელმაც მოგვიანებით უკრაინის ქრისტიანულ ტაძრებზე გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" ისაუბრა და თხრობა სწორედ წმინდა გიორგის ამ ხატის შესახებ დაიწყო.
"წმინდა გიორგი ეს ხატი, რომელიც ამჟამად კიევის ნაციონალურ მუზეუმში იმყოფება, წარმომავლობით მარიუპოლიდანაა... ეს ქალაქი XVIII საუკუნეში დაარსდა. ძირითადი მოსახლეობა ბერძნები იყვნენ. ისინი იქ ეკატერინე II-ის დროს ყირიმიდან გადმოასახლეს. ეს ხატი მათ ჩამოიტანეს, რომელიც წარმომავლობით ბიზანტიურია და XI საუკუნით თარიღდება.
არის განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ის XII-XII საუკუნისაა, ყველა შემთხვევაში, უძველესია, დიდი ზომისაა და ჰაგიოგრაფიულია. ჰაგიოგრაფიული, რადგანაც მის ჩარჩოზე მოცემულია წმინდანის მოწამებრივი ცხოვრების სცენები და სასწაულები. ასეთი ხატები იშვიათია. რამდენიმე მათგანი სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერშია და არის საქართველოშიც, კერძოდ, უბისის მონასტრის XIV საუკუნის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. მასზეც არის ცხოვრების სცენები გამოსახული. კიევის წინდა გიორგის ხატის სასწაულებრივ ძალაზე, მის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე ისტორიული ცნობები არსებობს.
იმითაც არის გამორჩეული, რომ არის ხეში ნაკვეთი. რელიეფურად ჯერ ფიგურაა გაკეთებული, თითოეული სცენაა ასახული და მერე ზემოდან არის დახატული. მეორე ასეთი ხატი ასევე ათენის ბიზანტიურ მუზეუმშიც არსებობს. ამდენად უნიკალურია არა მხოლოდ ტიპოლოგიურად, მასალის თვალსაზრისითაც" - აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი რუსეთის პერიოდის თვალსაჩინო არქიტექტურული ძეგლია. ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და პირველი ძეგლი უკრაინის მასშტაბით, რომელიც 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ექსპერტი საუბარს ასე აგრძელებს:
"დიახ, კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთაა წმინდა ქალაქი. მისმა მთავარმა ვლადიმირმა 988 წელს თვითონაც მიიღო ქრისტიანობა და ერი მონათლა. მოინათლნენ დნეპრში, როგორც მცხეთაში, მდინარეში. აქედან დაიწყო ქრისტიანობის ისტორია. თუმცა არის გადმოცემაც, რომ კიევის მიწაზე, თავის დროზე, ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს უქადაგია, მაგრამ ოფიციალურად გაქრისტიანების თარიღად 988 წელია მითითებული.
კიევის მთავრის ბიზანტიის საიმპერატორო კართან, იმპერატორებთან სიახლოვე იმაში გამოიხატა, რომ როგორც საქართველოში, იქაც კონსტანტინოპოლიდან გამოითხოვეს მაშენებლებიც და მღვდელმსახურებიც. კიევის სოფიის ტაძარი ისევეა აგებული, როგორც კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარი.
მათ შორის მსგავსება არის, თუმცა განსხვავებულიც გარეგნული, ფასადური კუთხით. ეს არის ბაროკოს სტილი, თუმცა ტაძარი ბევრჯერ გადაკეთდა. შიგნით სივრცე სრულიად განსხვავებულია და არის არაჩვეულებრივი მოზაიკური მხატვრობა, რომელიც ყველაზე მოცულობითად მიიჩნევა.
ღვთისმშობლის ხელაპყრობილი ფრესკა მლოცველი ღვთისმშობელი (ორანტა) - "ურღვევი, ხელშეუხებელი, კედელი" - ასე უწოდებენ კიევის სოფიას ტაძრის საკურთხევლის კონქის ამ მოზაიკურ ხატს უკრაინაში. ის სიმტკიცის გამოსახულებაა, ანუ მიწიერი ეკლესია, დედა ეკლესია, რომელიც ღმერთს ევედრება... იმედია, ეს „ურღვევი კედელი,“ მისი ლოცვა დაიფარავს კიევს და უკრაინას...
მნიშვნელოვანია, რომ ამ ტაძარშია ქვის სარკოფაგები. ტაძარი იაროსლავ ბრძენის მიერ აშენდა და მისი სარკოფაგიც იქ არის, არის უნიკალური ფრესკები. მის შექმნაში მონაწილეობდნენ მხატვრები კავკასიიდან და ეს მხატვრები შეიძლება ყოფილიყვნენ ქართველები, რადგანაც იმ დროს კედლის მხატვრობა სომხეთში არ იყო. საქართველოში კი, უკვე მოხატული იყო იშხანი, ოშკი, ტაო-კლარჯეთის ძეგლები“ - განმარტავს ხელოვნებათმცოდნე.
მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
"მიქაელ მთავარანგელოზი მეფეთა და მხედართმთავართა მფარველად ითვლება (ის დავით აღმაშენებლის მფარველი წმინდანიც იყო). ამიტომ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი XI საუკუნეში იქ დიდებულებით აშენდა და არანაკლებად იყო მოზაიკებით მორთული. წმინდა სოფიის ტაძრის მსგავსად, ისეთივე იკონოგრაფიული სქემა იყო - ხელებაპყრობილი ღვთისმშობელი, მოციქულთა რიგი, წმინდანების გამოსახულებები...
მეორე მსოფლიო ომის დროს კი ტაძარი ისე დაიბომბა, რომ შემთხვევით მხოლოდ რამდენიმე მოზაიკა გადარჩა. აღდგენისას ის მოზაიკები იქ არ დაბრუნებულა. მათი ნაწილი სოფიას ტაძარში ინახება, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის შთამბეჭდავი ხატი კი მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში გადაიტანეს“ - ჰყვება ნანა ბურჭულაძე.
კიევ-პეჩორის ლავრა კიევისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიევ-პეჩორის ლავრას. ის XI საუკუნეში დაარსდა. იქიდან დაიწყო იქ ინტენსიური გამოქვაბულების, ანუ ''პეჩორების'' აშენება. მერე მიემატა ტერიტორიები, გაშენდა გამოქვაბულები, სალოცავებიც, სამარხები, - სამასზე მეტი წმინდანის ნეშტია და მათ შორის, უხრწნელი ნეშტი. XI-XII საუკუნეში აშენდა ღვთისმშობლის მიძინების ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც მორთული იყო არაჩვეულებრივი მოზაიკებით...
კიევის სასულიერო აკადემია
კიევს სასულიერო აკადემია XVII საუკუნიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი წამყვანი სასულიერო სასწავლებელია, რომელშიც მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ბიზანტიოლოგები, ქრისტიანულ სიძველეების მკვლევრები, როგორებიც იყვნენ მურავიოვი და არქიმანდრიტი პორფირი უსპენსკი. პორფირი უსპენსკი გახლდათ ეპისკოპოსიც, განათლებული ადამიანი, რომელიც იერუსალიმში პირველ მისიას ხელმძღვანელობდა.
იქიდან იყო ათონის მთაზე, სინას მთაზე, საიდანაც ხატები, ხელნაწერები წამოიღო. იმ ხატებს შორის იყო ქართულიც. ის ხატები საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, არ არის დიდი ზომის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია, მათ შორის, ქართველი წმინდანების გამოსახულებით.
1945 წელს ფაშისტების დამარცხების შემდეგ და მათი გასვლის წინ, როდესაც გაიგეს, რომ ომს აგებდნენ და დაპყრობილი მიწიდან უნდა გასულიყვნენ, ჩაალაგეს ყუთში სამუზეუმო ნივთები, რაც იქ იყო და ნადავლი უკრაინიდან ეშელონებით გაჰქონდათ. შემდეგ კი იმ ყველაფერს, ერთი ვერსიით, ხანძარი უკვე ადგილზე ჩატანის შემდეგ გაუჩნდა, მეორე ვერსიით, საბჭოთა საჰაერო ძალებმა ეშელონი დაბომბეს. თუმცა არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, გადარჩა და ოდესმე სადმე აღმოჩნდეს.
წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრები
რუსეთის ამ აგრესიისას, ჩამოგდებული ბომბების შედეგად დაზიანდა თამარ მეფის სახელობის ტაძრები ოდესაში და ხარკოვში. „ეს XX საუკუნის ეკლესიებია, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლის ქტიტორობით და დაფინანსებით აიგო. ოდესის ტაძრის ქტიტორები ქართველები, ქუთათელაძეები არიან. ძველი ბაროკოს სტილის ძეგლია, ოღონდ, განვითარებული, მოდერნიზებული მოდელია.
ქართულის არაფერი ეტყობა. ხარკოვის თამარ მეფის სახელობის ტაძარი კი ტიპური ბოჭორმის ტაძარს ჰგავს. მოხატულია ქართველების მიერ. საერთოდ, მათთან წმინდა თამარ მეფე დიდი თაყვანისცემის სუბიექტია. საეროდაც, ქართული ეკლესია და წმინდანები მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში პატივისცემის ობიექტი იყო და არის. შეეწიოს თითოეული მათგანი უკრაინელ ხალხს ამ ბოროტების დაძლევაში.