ავტორი:

რამ გამოიწვია საქართველოში უჩვეულოდ ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება - "მოსული ნალექის რაოდენობამ რეკორდი მოხსნა... ბოლოს ასეთი ამინდი 1881 წელს დაფიქსირდა"

რამ გამოიწვია საქართველოში უჩვეულოდ ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება - "მოსული ნალექის რაოდენობამ რეკორდი მოხსნა... ბოლოს ასეთი ამინდი 1881 წელს დაფიქსირდა"

9 მარტიდან მოყოლებული საქართველოში თითქმის ყოველ დღე თოვს. ასეთი ხანგრძლივად ცივი, თოვლიანი და ნალექიანი გაზაფხული არავის ახსოვს. რით არის კლიმატის ასეთი ცვლილება გამოწვეული, როდის დაფიქსირდა საქართველოში მსგავსი უამინდობა და როგორია აპრილის თვის პროგნოზი, ამაზე AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა:

- ბოლოს მარტში თოვლიანი და ცივი ამინდი საქართველოში 1881 წელს დაფიქსირდა, რაც მხოლოდ 6 დღე გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თოვლი და ცივი ამინდი რომ ყოფილიყო, როგორც ახლა, არასდროს ყოფილა. წელს 9 მარტიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ დღე თოვს და ცივა.

- ისტორიული ამბავია - რეკორდი მოხსნილა...

- კი, ასეა. ამასთან, დღეის ჩათვლით, რა ნალექიც მოვიდა, ჯამურად თვის ნორმას სამჯერ გადააჭარბა. თვის ნორმა თბილისისთვის 30 მილიმეტრია (ასე იზომება) და უკვე 90 მილიმეტრზე მეტი მოვიდა, თან, მარტი ჯერ არც დამთავრებულა.

- რამ გამოიწვია?

- ეს ე.წ. ცივმა ტალღამ გამოიწვია. ამ ტალღამ მოიცვა არა მარტო საქართველო, უამრავი ქვეყანა. მთლიანად კავკასიის რეგიონი, ამასთან, თურქეთი, საბერძნეთი, ბოსნია, ჰერცეგოვინა, სერბია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და რუსეთის სამხრეთ ნაწილი... ჩვენ მოქცეულები ვართ ამ ცივი ტალღის გავლენის ქვეშ. კავკასიის რეგიონზე მოქმედებს ხმელთაშუა ზღვიდან წამოსული ციკლონები, დრო და დრო ჩრდილოეთიდან გავრცელებული, როგორც შავი ზღვიდან, ასევე კასპიის ზღვიდან გავრცელებული ცივი არქტიკული ჰაერის მასები.

- ამიტომაცაა ტემპერატურა ასე დაცემული, ღამე ყინვა ფიქსირდება...

- სიცივის მხრივ არა მგონია, რაიმე რეკორდი იყოს, რადგან მარტში ძალიან დაბალი ტემპერატურა სხვა დროსაც ყოფილა როგორც თბილისში, ისე მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. უახლოეს წარსულში მთელ საქართველოში ყველაზე ცივი წელიწადი 2012 წელს იყო იმ განსხვავებით, რომ დასავლეთ საქართველოში მეტად ცივი და ნალექიანიც.

- როგორ ტემპერატურას ველით აპრილში?

- აპრილი თვის პროგნოზით, საშუალო მრავალმხრივ ტემპერატურაზე ერთი გრადუსით მაღალი გამოვიდა. ნალექები ძირითადად კლიმატურ ნორმაზე ნაკლები და ზოგან მასთან ახლოსაა. მაგრამ ეს ინფორმაცია - ერთი გრადუსით მაღალი, რატომღაც არასწორად გაიგეს. თითქოს დიდი სიცხეა მოსალოდნელი. ასე არ არის. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში რომელიმე რეგიონში +32 გრადუსამდე მოიმატოს. აქვე ყველას ვუხსნით, რომ ეს თვის პროგნოზია და შესაძლებელია, მან გარკვეული ცვლილება განიცადოს. ამიტომ ყოველ კვირა თანდათან ზუსტდება და ინფორმაციას ასე ვაახლებთ. სითბო იქნება, მაგრამ აპრილში პირველი დეკადაში არა, რადგანაც ამ მონაცემებით მაღალი ტემპერატურა არ ჩანს.

- ე.ი. ერთი გრადუსით მომატება არ ნიშნავს, რომ 30 დღის მანძილზე სულ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

- კი, ეს არის თვის საშუალო ტემპერატურა შედარებული კლიმატურ ნორმასთან.

- თებერვალში ვიცოდით, რომ მარტში ასეთი ანომალიური სიცივე გველოდა?

- კი, ცივიც და ნალექიანიც გამოგვივიდა მარტის პროგნოზი, მაგრამ ასეთი ანომალიური ნამდვილად არა.