კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თითქმის მთელი ქალაქი ირპინი, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, უკრაინის ხელშია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კლიჩკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირპინში უკრაინულმა ძალებმა რუსულ ჯარებს უკან დაახევინეს.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქ მაკარივშიც დაიხიეს უკან.
უკრაინის დედაქალაქის მერის თქმით, მათმა ძალებმა „დაანგრიეს კიევის გარშემო ალყის მოწყობის გეგმა“.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ათასობით მცხოვრებმა დატოვა ირპინი, რომელიც კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი რუსული არტილერიისა და საჰაერო თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე იყო. BBC-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე არიან გადასული, მათ შორის პატარა ქალაქ ვოზნესენსკში, სადაც რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს.