ავტორი:

"14 შარვალი და ერთი კაბა“ - მადლენ ოლბრაიტის უნიკალური პოლიტიკური გზა, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი და ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა

"14 შარვალი და ერთი კაბა“ - მადლენ ოლბრაიტის უნიკალური პოლიტიკური გზა, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი და ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში.

რამდენიმე წლის წინ ოლბრაიტი მუშაობდა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელის თანამდებობაზე და 2017 წელს ის საქართველოსაც სტუმრობდა.

მადლენ ოლბრაიტი 2017 წელს, საქართველოში

New York Times-ის სტატიაში, რომელიც გასულ თვეში რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამოქვეყნდა, ოლბრაიტი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი "ისტორიულ შეცდომას" დაუშვებდა უკრაინაში შეჭრისას და აფრთხილებდა მისი ქვეყნისთვის დამანგრეველი საფასურის შესახებ.

  • სამშობლო და ემიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში

მადლენ ოლბრაიტი 1937 წელს მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში, პრაღაში დაიბადა. ამერიკის მოქალაქეობა 1950 წელს მიიღო. მისი თავდაპირველი სახელი და გვარი მარია იანა კორბელოვა იყო.

მადლენის მამა დიპლომატი იყო. სამშობლოში ნაცისტების შეჭრის შემდეგ, 1939 წელს, კორბელების ოჯახი ლონდონში გაიქცა. ომის შემდეგ სახლს დაუბრუნდნენ, თუმცა მადლენის მამას ეშინოდა ოჯახის უსაფრთხოების გამო, ამიტომაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მიიღო კიდეც, რის შემდეგაც, ცოლთან და სამ შვილთან ერთად შტატებში წავიდა.

  • ოჯახის ტრაგედია

მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, 1990-იანი წლების ბოლოს, ოლბრაიტმა გაიგო, თუ რამდენად დაუცველი იყო მისი ოჯახი ევროპაში. გაირკვა, რომ მადლენის ათზე მეტი ნათესავი, მათ შორის, ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტის დროს ებრაელობის გამო მოკლეს. მადლენმა მანამდე არ იცოდა მათი გარდაცვალების გარემოებები.

  • ადრეული წლები, ოჯახი და პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში

როდესაც აშშ-ში გადავიდა, 11 წლის იყო, მას უკვე ჰქონდა რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება და ოთხ ენაზე საუბრობდა. თავის მემუარებში კი იხსენებდა იმას, თუ როგორ იბრძოდა ამერიკელ თინეიჯერებთან შესაგუებლად, რომლებსაც მისი ევროპული კულტურა განსხვავებულად მიაჩნდათ და თვლიდნენ, რომ "მკაცრი და ზედმეტად თავდაჭერილი“ იყო.

თავისი მომავალი მეუღლე ჯოზეფ ოლბრაიტი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ჯოზეფი რეპორტიორად მუშაობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წყვილი დაქორწინდა. თავდაპირველად შეეძინათ ტყუპი ქალიშვილი - ალისა და ანა. შემდეგ კი მესამე ქალიშვილი კეტრინი. აღსანიშნავია, რომ მადლენი და ჯოზეფი ერთმანეთს 23-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.

1960-იან წლებში მადლენ ოლბრაიტი პირველად ჩაერთო აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავდაპირველად მჭიდროდ თანამშრომლობდა სენატორ ედ მასკისთან. 70-იან წლებში კი პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დაასახელა.

მადლენ ოლბრაიტი იყო ქალი, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ცდილობდა, ქალის როლი, მნიშვნელობა წარმოეჩინა და ხელი შეეწყო სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი მნიშვნელობის გაზრდისთვის.

ის იყო საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სტუდენტებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. სწავლებისას მისთვის მთავარი ღირებულება დემოკრატიული პრინციპები იყო. შექმნა სივრცე პოლიტიკური დისკუსიებისთვის, რომელიც მალე გახდა კერა და პოლიტიკური შეხვედრების ადგილი.

  • "14 შარვალი და ერთი კაბა“

1992 წელს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ბილ კლინტონმა დაიკავა, მან სთხოვა მადლენ ოლბრაიტს დახმარებოდა ადმინისტრაციის გადაბარების პროცესში. მალე ის კლინტონის ადმინისტრაციის მთავარ ფიგურად იქცა.

იმ დროს ოლბრაიტი იყო ერთადერთი ქალი შტატების უშიშროების საბჭოს 15-წევრიან წარმომადგენლებს შორის. "14 შარვალი და ერთი კაბა“, - ასე აღწერდა თავად მადლენი კოლეგებთან პირველ შეხვედრას.

  • ქალი, რომელმაც ისტორია შექმნა

როდესაც ბილ კლინტონმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა, მან ოლბრაიტი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. "როდესაც ჩემი სახელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გაჩნდა, გეგონებოდათ, უცხოპლანეტელი ვიყავი. ხალხი ამბობდა, არაბული სამყარო ქალთან საქმეს არ დაიჭერს“, - იხსენებდა ოლბრაიტი 2018 წელს "გარდიანთან“ ინტერვიუში.

მადლენ ოლბრაიტი პალესტინის ლიდერ იასირ არაფატთან ერთად

მადლენ ოლბრაიტი გახდა აშშ-ის 64-ე და პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მადლენი მხარს უჭერდა ნატოს გავლენის გაზრდას, ჩართული იყო ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვაში.

ოლბრაიტი ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიანში

ასევე აქტიურად იყო ჩართული ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ბირთვული ამბიციების შეკავებას.

  • მადლენ ოლბრაიტი და მისი აქსესუარები

მადლენ ოლბრაიტს ჰქონდა უნიკალური დიპლომატიური ტექნიკა. საინტერესოა, რომ მისი დიპლომატიის შემადგენელი ნაწილი იყო აქსესუარები. ოლბრაიტი ამბობდა, რომ პირველად შთაგონებული იყო ერაყული მედიის შეფასებებით, რომელმაც ის "ახლართულ გველს“ შეადარა.

ამის შემდეგ ის ყოველთვის ატარებდა გველის ფორმის ქინძისთავს, როდესაც საქმე ეხებოდა ერაყთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეხვედრებს.