ავტორი:

"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა

"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა

24 მარტს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ქართველი არტისტები უკრაინისთვის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. იდეა ფოტოხელოვან მარინა კარპის ეკუთვნის.

#voisefromgeorgia აქციაში უკრაინელი ფოტოგრაფებიც არიან ჩართული, რომლის მიზანია, ამ მძიმე დღეებში უკრაინელებს საქართველოდან ხმა მიაწვდინონ, მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადონ. ამისთვის გაკეთდა სპეციალური ჰეშტეგი - #we_are_in_the_same_boat – "ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“.

აქციის მონაწილეების ფოტოებს თან ერთვის მათი სათქმელი, პოზიცია, აზრი და დამოკიდებულება ოკუპაციასთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. როგორც მარინა კარპი ამბობს, საკმარისია, ნებისმიერი მსურველი ტელეფონით "ინსტაგრამზე“ შევიდეს, ხელი დააჭიროს შესაბამის ღილაკს და ქართველი არტისტების მხარდაჭერასა და სოლიდარობას იხილავს. "ინსტაგრამი“ - ეს პლატფორმა შეირჩა იმიტომ, რომ უკრაინელები, როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, კვლევების მიხედვით, ინფორმაციის მისაღებად, ამ პლატფორმას იყენებენ.

ფოტოები შავ-თეთრია, რადგან დღესდღეობით ასეთია სიტუაცია და სანამ ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით არ დასრულდება, ასე იქნება. რეალურადაც ხომ ყველაფერი ომთან მიმართებაში ასეა - ერთმანეთს ნათელი და ბნელი ებრძვის. ასე რომ, 26 და 27 მარტს ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გადაიღოს სიმბოლური ფოტოპორტრეტი უკრაინელი ფოტოგრაფები Marina Karpiy | Photographer] და Evgeny Efanov Photography] -სგან, გაიღოს შემოწირულობა და გააზიაროს თავისი მხარდაჭერა ინსტაგრამზე ჰეშთეგით #we_are_in_the_same_boat

ამასთან, მარინა კარპის მეუღლე, მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილიც ჩართულია ამ საქმეში. მან უკრაინელების მხარდასაჭერად 2 კონცერტი უკვე გამართა.

ფოტოზე: მარინა კარპი

გთავაზობთ აქციაში მონაწილე ცნობილი ადამიანების პოეზიას და დამოკიდებულებას, რითაც ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

ნინო ქათამაძე, მუსიკოსი: "ეს 1 თვე ყველაზე გრძელი დღეებია ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე მსოფლიოს უწევს თავიდან გამოღვიძება. მე მინდა, ვიცხოვრო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისნაირად“.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი: "ეს იყო ურთულესი ერთი თვე, უკრაინელი ხალხი ყველაფერს შეძლებს, ეს არის მამაცი, ძლიერი და გმირი ერი! ეს ერი მაგალითია მთელი სამყაროსთვის და მე მჯერა, რომ გაიმარჯვებენ, დიდება უკრაინას!“

ნიკოლოზ რაჭველი: "ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენ ყველას მშობლები გვიკითხავდნენ ზღაპრებს, სადაც დასასრულში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და სინათლე სიბნელეზე. დღეს ის, რაც შორს გვეჩვენებოდა, ძალიან ახლოს არის, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სიკეთის გამარჯვება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რეალური ზღაპარი, რომელსაც შთამომავლობას მოვუყვებით, იმ შვილებს და შვილიშვილებს, ვისთვისაც თქვენ უკრაინელები იბრძვით. ისე არაფერი არ მდომებია დედამიწაზე, როგორც თქვენი გამარჯვება, და დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეული და საღად მოაზროვნე ადამიანი მთელს პლანეტაზე, მათ შორის, ჩემს სამშობლოში, არის თქვენი დიდი გულშემატკივარი“.

ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი: "ჩვენ მათ გვერდით ვართ! განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები უკრაინელი ხალხისთვის, ახლა მოქმედების დროა“...

ირაკლი მქაცარია, ტელეწამყვანი: "უკრაინა ჩემი მეორე სახლია და უკრაინელი ერი ჩემი ერია, ერთი თვის თავზე რაც ხდება - ეს არის გენოციდი, უდიდესი ტრაგედია, რომელიც უახლესი ისტორიის განმავლობაში მომხდარა. ჩემი აზრით, უკრაინამ უკვე აჩვენა ის უპრეცედენტო ერთსულოვნება, ერთიანობა და სიმამაცის მაგალითი მთელ სამყაროში, თუ როგორი უნდა იყოს ნაცია. დღეს ვთვლი, რომ ყველა ქვეყნის მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, იამაყებდა რომ ყოფილიყო უკრაინელი. მეც, საქართველოც და მთელი სამყარო ვლოცულობთ იმისთვის, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს ამ ბოროტების წინააღმდეგ და დღეს, ჩემს დაბადების დღეზე მე მაქვს ერთადერთი სურვილი - და ეს სურვილი არის მშვიდობის სურვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ეს სისხლიანი ფურცელი ძალიან მალე გადაიშლება და უკრაინის თავზე კვლავ გაანათებს მზე, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!“

კოკო როინიშვილი, მსახიობი: "თქვენ მთელი სამყაროსთვის იბრძვით და მოიგებთ ამ ომს, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ“.

ნატალია ქუთათელაძე, მომღერალი: "თქვენ ჩვენთვისაც იბრძვით, ყველა უკრაინელმა მინდა, იცოდეს ჩვენი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ქართველი ხალხი თქვენს გვერდით არის“.

მარიამ სანოგო, მოდელი: "ქართველები ყოველთვის იდგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ გვაქვს გამოვლილი ომი და ის ტკივილი, რაც უკრაინამ მიიღო, ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა გართმევენ ტერიტორიებს... და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მე თქვენს გვერდში ვარ.“

აჩიკო სოლოღაშვილი, მსახიობი: "არ მაქვს სიტყვები, ეს ტკივილი არასოდეს გაუფასურდება, ჩემთვის ეს არ არის ერთი ქვეყნის ბრძოლა და ომი. ეს არის სრულიად მსოფლიოს ომი, უკრაინის შემდეგ პირველ რიგში საქართველოს ომია. მშვიდობა და წარმატება ყველას. დიდება უკრაინას“.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: "ვკარგავთ ბავშვებს, ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს. მე მჯერა თქვენი გამარჯვების, თქვენთან ვარ, უკრაინელებო!“

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: "ერთი თვეა, ომია და ყოველ დღე მხოლოდ თქვენზე ვფიქრობთ, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს, ასეთი ერთობა სამაგალითოა“.

სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსი: "უკრაინაში მიმდინარე ომს საქართველოს მოქალაქეები ძალიან განვიცდით, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ, თქვენ ხართ გმირი ერი, ჩვენ საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა.

გიგი დედალამაზიშვილი, მუსიკოსი: "უკრაინელებმა დაგვანახეს, რომ მსოფლიოში პირველი ერია, თავისი ქვეყნის სიყვარულით ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით, მარტო ჩვენ კი არა მთელს მსოფლიოს ევროპას მისცეს მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მოქალაქე, მამა, დედა, ბავშვი. ყველა სტრუქტურა მუშაობს ერთად, ყველა მოქალაქე უკრაინის ჯარისკაცია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდში. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.“