ავტორი:

"მთელი ღამე წყალში ვიდექით, მოხუცები ვერ უძლებდნენ და იღუპებოდნენ... გამოქცევისას მამიდას გულმა უმტყუნა" - მარიუპოლიდან საქართველოში ჩამოსული ქალის უმძიმესი მონაყოლი

"მთელი ღამე წყალში ვიდექით, მოხუცები ვერ უძლებდნენ და იღუპებოდნენ... გამოქცევისას მამიდას გულმა უმტყუნა" - მარიუპოლიდან საქართველოში ჩამოსული ქალის უმძიმესი მონაყოლი

"ხმა ნანგრევებიდან, საშინელ უდაბნოდ ქცეული ქალაქი, გაქცევა ჯოჯოხეთიდან" - ეს არ არის იმ ფრაზების სრული ჩამონათვალი, რომლითაც დასავლური მედია ბოლო დღეებია უკრაინის ქალაქ მარიუპოლს მოიხსენიებს... ოკუპანტების მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი არ სრულდება, რუსული ბლოკადის დღეები გრძელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და აზოვის ბატალიონის წარმოუდგენელ ფასად უძლებს...

ერთი შენობის სარდაფიდან მეორეში, საცხოვრებელი სახლების, სკოლების, სპორტული დარბაზებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების თავშესაფრებში შეფარებულ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ორ კვირაზე მეტია რუსული ავიაცია და არტილერია დაჰყვება... უამრავი ადამიანი რუსულ ჭურვებს, სარაკეტო იერიშებს ეწირება, ზოგს კი ნანგრევებში პოულობენ. მოსახლეობის ნაწილმა სასწაულებრივად შეძლო ბლოკადიდან თავის დაღწევა, ზოგმა დროულად გამოაღწია, ზოგს რუსული ტყვიებისა და ჭურვების ქვეშ მოუწია სამშვიდობოს გამოსვლა. თუმცა, ყველას არ გაუმართლა. ათასობით ადამიანი მტერს დღემდე სარდაფებში ემალება.

AMBEBI.GE გიამბობთ ერთ უკრაინულ ოჯახზე, რომლის წევრებიც ომმა დახლიჩა.

ლოლა ტიულენევა:

- თითქმის სამი კვირის განმავლობაში, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად გვბომბავდნენ, თუ ვინმეს ქუჩაში დაინახავდნენ, დამიზნებით ესროდნენ... ბოლო ოთხი დღე-ღამის განმავლობაში სარდაფიდან არ ამოვსულვართ. ქალაქში, უფრო სწორედ, ქალაქის ნარჩენებში აღარ არსებობს დენი, სითბო, საკვები, წყალი, მედიკამენტები. ქუჩები სავსეა გვამებით და სასაფლაოებით. ერთ დროს სკვერები, ბავშვთა გასართობი ადგილები, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები სასაფლაოდ ვაქციეთ. ხშირად ისე ვმარხავდით, გვარ-სახელსაც ვერ ვაყოლებდით...

არასდროს დამავიწყდება შეშინებული ბავშვები და მათი სასოწარკვეთილი კითხვები - ამაღამ მოვკვდებით?!. შემდეგ კითხვის დასმაც შეწყვიტეს. ჩემი ახლობლის 5 წლის ბავშვმა შიშისგან მიღებული სტრესისგან ლაპარაკი შეწყვიტა. იმ წყეულ დაბომბვამდე უამრავი თავშესაფარი გამოვიარეთ, მთელი ღამე მუხლებამდე წყალში ვმდგარვართ. მოხუცები ვერ უძლებდნენ და 5-6 დღეში იღუპებოდნენ. მათ იქვე, საერთო საფლავში ვმარხავდით. თურმე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. რამდენჯერმე ცხედრების გარემოცვაში გაგვითენებია, თუ თავშესაფარში ვინმე ჭრილობებისგან, სტრესისგან, გულის შეტევის, წნევისგან დაიღუპებოდა, დილამდე ვერ ვმარხავდით.

შევეჩვიეთ ნადირივით ფეხზე ძილს, სიცივეს, შიმშილს, დასისხლიანებულ ადამიანებს. ვიცვამდით და ვიფარებდით ყველაფერს, რასაც ვპოულობდით, რომ არ გავყინულიყავით. იგივე ხდებოდა საკვებსა და წყალზე, მაგრამ რა დროს ამაზე საუბარია, როდესაც იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი დარჩა. ყველამ იცის, რომ იმიტომ დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, ზუსტად იცოდნენ, იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიყავით შეფარებული, მაგრამ იმიტომ არ დაგვინდეს, რომ ასეთი სტრატეგია აქვთ, ხომ იციან, რომ იქ ადგილობრივები ვართ შეფარებული და ფიქრობენ, რომ შემდეგ აზოველები მოვიდოდნენ ჩვენს დასახმარებლად და ეგონათ, ჩაუსაფრდებოდნენ, ან სხვაგვარად მოიხელთებდნენ. ჩვენი კაცები რვა წელი ემზადებოდნენ ამ ომისთვის. ჩვენი დამარცხება ასე ადვილი არა არის, თუმცა, მართლა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენს გასატეხად.

- მარიუპოლი როგორ დატოვეთ?

- "მწვანე დერეფნით", თუმცა ოკუპანტები მაინც ისროდნენ, ცეცხლი არ შეწყვეტილა. უამრავი ადამიანი ქალაქიდან გამოსვლის დროს დაიღუპა, პირდაპირ, დამიზნებით ესროდნენ. მთელი ცხოვრება მარიუპოლში ვცხოვრობდით, ქალაქში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გვეგონა. ახლა იქაურობა ერთ უსასრულო კოშმარში მოგზაურობას ჰგავს. ასე მგონია, ყველა სახლის ნანგრევებში ადამიანია მოყოლილი... ომზე უამრავი რამ მსმენია, წამიკითხავს და მინახავს, მაგრამ ასეთი რამ არასდროს წარმოგვედგინა.

როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ვიცოდით, რომ ძალიან მალე მათი სამიზნე მარიუპოლიც გახდებოდა. ეს ადგილი მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ ქალაქში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს და როდესაც სიტუაცია ძალიან გამწვავდა და ხალხმა ქალაქის დატოვება დაიწყო, ჩვენი რუსი მეზობლები გვაიმედებდნენ, ნუ გეშინიათ, აქ ვართო... თუმცა, ჩემს გარშემო ყველაზე მეტი დახვრეტილი, დაბომბვის გამო ნანგრევებში მოყოლილი, ჭურვების ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილი ადამიანი ეთნიკურად რუსია. რუსმა ჯარისკაცებმა დაინახეს, რომ მათ არსად არ დახვდნენ ყვავილებით და ბუშტებით, ტყვიები დაუშინეს. როდესაც მარიუპოლელი რუსები ეუბნებოდნენ, არ გრცხვენიათ, ასე ფაშისტები არ მოქცეულანო, პასუხად მაშინვე იარაღს გადატენიდნენ, ფაშისტებს ასე ვექცევითო... თუმცა, თუ ტყვედ ჩავარდებოდნენ, მაშინვე ტირილსა და თავის შეცოდებას იწყებდნენ.

თავიდან, როდესაც მათი ხრიკები არ ვიცოდით, საკვებს ვუყოფდით... შემდეგ ომი ბევრ რამეს გასწავლის. ვის უნდა ენდო და ვის არა. ვიღაცები უამრავ ადგილობრივს შეჰპირდნენ, რომ სამშვიდობოს გაიყვანდნენ და რუსეთში წაიყვანეს. მათი გზა-კვალი დაიკარგა. ოჯახის წევრები ყველა გზით ეძებდნენ, მაგრამ ვერ მიაგნეს.

მე და მამიდაჩემი, რომელიც ქართველზე იყო გათხოვილი, სასწაულებრივად გამოვედით. ჩემი და და დისშვილები არ წამოვიდნენ. მამიდაშვილებიც დარჩნენ და მამიდა, რომელიც უკვე ასაკშია, ძალიან განიცდიდა. შიშისა და სტრესის ნიადაგზე, მამიდას გულის ტკივილები დაეწყო. მას, როგორც უამრავ გარშემომყოფს არ ჰქონდა წამალი, ან თუ გვქონდა, მხოლოდ კრიტიკული პერიოდისთვის ვინახავდით, სხვანაირი ჯოჯოხეთი არ ვიცი როგორია. თუმცა სულ ვამბობდით, არა უშავს, მთავარია, გადავრჩითო...

საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტეთ. მთელი გზა ნერვიულობდა, შვილებსა და შვილიშვილებზე. საქართველოს საზღვარი გადმოვკვეთეთ თუ არა, გულმა უმტყუნა და ადგილზე დაიღუპა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს ის არის, მეუღლე აქ არის დასაფლავებული, მის გვერდით დაკრძალვაზე ოცნებობდა. იქ რომ დაღუპულიყო, ვერც გადმოვასვენებდით... მთელი გზა, ლოცვასავით წარმოთქვამდა შვილებისა და შვილიშვლების სახელს. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ვინმე მეტყვის, რომ უკრაინელები და რუსები ძმები არიან, მტერია, ჩვენ არასდროს ვყოფლვარ ძმები და არც ვიქნებით.

ფოტოები: ტელეგრამ არხი Реальная Война Новости Украина