ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
მისი თქმით, საინტერესო კითხვაა, რას აირჩევს ხელისუფლება, "განაცებულ" უკრაინასთან ურთიერთობას თუ "მშვიდობის" სახელით რუსეთთან კოლაბორაციას".
აღნიშნულ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ხუხაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
"არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტად, ომი რომ დამთავრდება, მშვიდობის უნდა გვეშინოდეს…და აი რატომ: როგორი სამხედრო შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, სრულიად ცხადია, რომ მის შედეგად დაეშვება რკინის ფარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
ჩამოყალიბდება ორი სამყარო - ერთი, რომლის აღმოსავლეთი ფლანგის ცენტრი იქნება უკრაინა, ნაციონალებად შერაცხული ხელისუფლებით და მეორე, იზოლირებული, თავის ბუნაგში გამომწყვდეული, მაგრამ ჯერ კიდევ ამბიციური, საშიში და აგრესიული რუსეთი, რომელსაც ექნება პრეტენზია საქართველოზეც.
ეს იქნება მომენტი, როცა ორმაგი თამაშები და ბალანსების ძებნა შეუძლებელი გახდება. რას აირჩევს ხელისუფლება - "განაცებულ" უკრაინას, ცენტრისტულ აღმოსავლეთ ევროპის ალიანსს, ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის საფრთხით თუ "მშვიდობის" სახელით რუსეთთან კოლაბორაციას, ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიით?!" - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქზე".