ავტორი:

"ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის და მას მარიუპოლში, ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ გთავაზობთ“ - რას წერს უკრაინელი გენერალი

"ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის და მას მარიუპოლში, ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ გთავაზობთ“ - რას წერს უკრაინელი გენერალი

უკრაინელი პოლიციის გენერალი ვიაჩესლავ აბროსკინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუს ოკუპანტებს მიმართავს. ის დამპყრობლებს სთავაზობს ტყვედ ჩაბარებას მარიუპოლში მყოფი ბავშვების ქალაქიდან უსაფრთხოდ გამოყვანის სანაცვლოდ.

"ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დავპირდი ქალაქის მოსახლეობას, რომ ომის შემთხვევაში "აზოვთან" ერთად დავიცავდი მარიუპოლს. აღმოჩნდა, რომ ომს ოდესაში შევხვდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ ვცდებოდი.

სრულიად დანგრეულ ქალაქში დღეს ბევრი ბავშვია დარჩენილი, რომლებიც უნდა გადავარჩინოთ. ახლა რომ არ გადავარჩინოთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო გადის.

მივმართავ რუს ოკუპანტებს, მომეცით საშუალება, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, მათ ნაცვლად ჩემს თავს გთავაზობთ. დიახ, ვითხოვ, შემიშვათ მარიუპოლში ბავშვების გაყვანის ორგანიზებისთვის. 3 დღე მჭირდება, ბოლო საგუშაგოზე, ბავშვებთან ერთად უკან დაბრუნებისას, ტყვედ ჩავბარდები“, - წერს ვიაჩესლავ აბროსკინი.

პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ ის არის პოლიციის გენერალი, რომელიც 2014, ასევე 2018 წელს რუსების წინააღმდეგ პროტესტს პირადად უწევდა ორგანიზებას, რომ ის რუსებს სანქციების სიაში ჰყავდათ შეყვანილი.

"ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა. ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის და მას მარიუპოლში, ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ გთავაზობთ“, - წერს უკრაინელი გენერალი.