არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა,- ასე ეხმიანება ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით და მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში გაკეთებულ განცხადებებს, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები "საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება".
"როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე "ნაციონალური მოძრაობა," რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ, სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავის ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით.
პირველ რიგში რაც შეეხება უკრაინას, საქართველო დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში, იყო ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაკავშირებული სარჩელი, იყო ეს ის რეზოლუციები, რომელიც მიღებული იქნა დასავლეთის მიერ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ნაწილი ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ.
თითოეული ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არის კოორდინირებული და არის თანხმობაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ არის, რომ აშშ- ის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში. სხვა განცხადებებს ჩვენ ვხედავთ იმ ოთახებში და იმ მედიებში, სადაც იკრიბება "ნაციონალური მოძრაობა" თავის სატელიტებთან ერთად, გვესმის, რომ ეს არის ყველაზე მთავარი სურვილი ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპოზიციის, რომ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი დააზიანონ. მინდა მათ მივმართო, რომ ტყუილებით, მოკლევადიანი ეფექტებით საქართველოს წინსვლას და თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლიან, ეს ომი აუცილებლად დასრულდება, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძე გამოეხმაურა ასევე, დიმიტრი ლორთქიფანიძის რუსეთში გამგზავრებას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას" არავითარი კავშირი არ აქვს ამ შეხვედრასთან, რაც როგორც მედიიდან შეიტყო, საექსპერტო დონეზე გაიმართა.
„ჩვენი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ამ ვითარებაში, როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და საომარი მოქმდებები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ მონაწილეობა ამ ფორმატში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საექსპერტო წრეების მხრიდან არ იყო მიზანშეწონილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „გორჩაკოვის ფონდი" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია".
„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება", - განაცხადა კარასინმა.
მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".