ავტორი:

"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?

"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?

ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს თუ არა, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

როგორც აკაკი ცომაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან მიმართებით რუსეთს ხრიკის გამოყენება სურდა, რისი გამოცნობაც ევროპისთვის მარტივი აღმოჩნდა.

"რუსეთის ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი თუ სხვა მომწოდებლები გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიდნენ თუ მყარ ვალუტაში, ეკონომიკურად და შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურ ჭრილში არაფერს იგებდა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, იყო ხრიკი. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინულია.

შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს სავარაუდოდ ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ანუ გაეცვალათ უცხური ვალუტა და რუბლი უნდა ეყიდათ, ამ რუბლით კი, შემდეგ გაზი ეყიდათ. ანუ ფაქტობრივად, დაარღვევდნენ იმ სანქციებს, რომელიც თავად დააწესეს. რუსეთს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც მან შესაბამისი პასუხიც მიიღო. ახლა კი, რუსეთი, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დადგა.

პირიქით, საბოლოო ჯამში, ამ ხრიკით მან უარესი შედეგი მიიღო, იმიტომ, რომ ევროპამ გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ის ამ გაზისა და ნავთობის მიწოდებას ევროპისთვის შეწყვეტს თუ არ შეწყვეტს. გამოდის, რომ რუსეთს არ გაუვიდა ის, რაც უნდოდა რომ გასვლოდა. ეს იყო მისი მხრიდან ხრიკი, რომლის გამოცნობაც მარტივი იყო. ევროპა აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეთქვა, ეს არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ და სანქციებს ჩვენ არ დავარღვევთ",- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, აბსოლუტურად სწორია დასავლეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა. როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ როგორც იქნა, პრინციპული პოზიცია გამოიჩინა.

"მოგეხსენებათ, ევროპას სჭირდება რუსული ნავთობპროდუქტები და განსაკუთრებით რუსული გაზი, მაგრამ ამ ტაპზე მან თავისი პრინციპული პოზიცია გამოიჩინა. რუბლი, რომელიც არასდროს ყოფილა საერთაშორისო კონვერტირებადი ვალუტა, რუსული რუბლით არც ნავთობს და არც გაზს არავინ ყიდულობდა, დღეს, როდესაც სიტუაცია ასე დაძაბულია, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი უკრაინას გვერდში უდგას, რუსეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ დასავლეთს საკუთარი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ამ ეტაპზე გადახდა რუბლში არ ხდება. ანუ დასავლეთმა რუსული პირობა პრინციპულად არ მიიღო და რა თქმა უნდა, ეს არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ახლა, მთავარია რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი. რუსეთს უცხოური ვალუტის მწირი რესურსი აქვს და უცხოური ვალუტის გამოყენებაზე შეზღუდვებია, რაც თავად რუსეთმა დააწესა და ასევე აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს ამერიკული დოლარის გამოყენება“, -განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, დღეს, რუსეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული, პრაქტიკულად შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება - მოუწევს თუ არა უკან წაიღოს მისი პოზიცია ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდის შესახებ.

„წესით, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა რუსეთმა უკან უნდა წაიღოს, მაგრამ დღეს, რუსული ელიტის, კრემლის გადაწყვეტილებები რაიმე რაციონალურ აზრს ნამდვილად არ არის დაფუძნებული, ამიტომ გამიჭირდება მკაფიოდ ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ პუტინი და მისი გარემოცვა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ლაიენმა.