საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელიც მისი ინფორმაციით, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ქვრივმა ალა დუდაევამ გამოუგზავნა.
"ძვირფასო მიხეილ, დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა და საღამო მშვიდობისა! ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ შევძელი თქვენთვის წერილის გამოგზავნა, ძალიან ვღელავ და ყოველდღე, ნამაზის დროს თქვენზე ვლოცულობ...
ყოვლისშემძლეს ვთხოვ დაგიცვათ და ჯანმრთელად გამყოფოთ თქვენი საყვარელი საქართველოსთვის, ყველა თქვენი მეგობრისთვის და ახლობლისთვის, თქვენი შვილებისა და დედისთვის.თქვენ ხართ საოცარი და მამაცი ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება! თქვენი პრეზიდენტობის დროს საქართველო აყვავებულ ბაღად აქციეთ და მთელ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ნავთობისა და გაზის გარეშე.
თქვენი რეფორმები იყო სამაგალითო, თქვენგან ვისწავლეთ როგორ დავიწყოთ და როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. საშიში და არაპროგნოზირებადი მეზობლის, ბოროტებისა და ძალადობის უზარმაზარი რუსული იმპერიის გვერდით თანაარსებობით უზარმაზარი ტვირთი ატარეთ. შეინარჩუნეთ საქართველოსთვის მშვიდობა და მისი სუვერენიტეტი.
საქართველოს ბნელი ღამეები გაანათეთ და ის მომღერალი ჩიტებისა და შროშანების ცად აქციეთ. თქვენი ნიჭი, ამოუწურავი ენერგია და სიყვარული ქართველ ხალხს აჩუქეთ! ამ სიყვარულის გამო და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩამოხვედით საქართველოში, სადაც დაგაპატიმრეს, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არც ციხეში შეგიწყვეტიათ.
ახლა კი თქვენ, როგორც პუტინის პირადი პატიმარი, ეხმარებით უკრაინას რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში გადარჩენაში! უკრაინელი ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოხალისეებთან ერთად ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის და ის აუცილებლად გაიმარჯვებს! როდესაც ეს მოხდება მთელი მსოფლიო ამოისუნთქავს, იმიტომ რომ ბოროტებისა და ძალადობის უკანასკნელი იმპერია საბოლოოდ დაეცემა!
ძვირფასო მიხეილ, ძალიან მიხარია, რომ შიმშილობა შეწყვიტეთ. თქვენ ენერგიით სავსე უნდა იყოთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რათა ბრძოლა გააგრძელოთ, იმიტომ რომ თქვენ ქართველი ხალხისთვის ფასდაუდებელი ადამიანი ხართ! ახლა უკრაინაში რუს დამპყრობლებს ქართველი მოხალისეებიც ებრძვიან, მათგან სამმა სიცოცხლეც კი გასწირა.
მარადიული ხსოვნა და დიდება იმ გმირებს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის ველზე იღუპებიან. უკრაინის თავისუფლება საქართველოს და მთელი კავკასიის თავისუფლებაა, და როცა ეს მოხდება, მაშინ ზვიადისა და ჯოხარის ოცნება ახდება და ყველა კავკასიელი ერი ერთ კავკასიურ სახლში გაერთიანდება. ისინი თავიანთი ხალხების თავისუფლებისთვის დაიღუპნენ, მაგრამ ჩვენ ცოცხლები ვართ და შევეცდებით მათი ოცნება ჩვენი ცხოვრების რეალობად ვაქციოთ! სიყვარულით და ყველაზე გულწრფელი სურვილებით, ჩვენო ძვირფასო მიხეილ, თქვენი ალა დუდაევა." - წერს დუდაევა.