ავტორი:

"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე

"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე

ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება" ან ევროკავშირი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს აგრძელებს. მან მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან გამართა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, მიუხედავად ოპოზიციის აქტიური მცდელობისა ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს „ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის საკმარისი არ არის, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებს.

"შეხვედრა მქონდა საქართველოს და ქართველი ხალხის დიდ მეგობართან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარების მსგავსად კუბილიუსმა გაიმეორა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ევროპაში ინტეგრაციის გზიდან. უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საქართველოს ხელისუფლების კურსთან მიმართებაში. შეხვედრაზე კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ შეიძლება საქართველოს მოუწიოს არჩევანის გაკეთება „ქართულ ოცნებას" და ევროკავშირს შორის. ყალიბდება აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლება, ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია. მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობა საკმარისი არ არის საერთაშორისო არენაზე.

ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რის გაკეთებასაც ვერ ახერხებს მმართველი პარტია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ჩაანაცვლებს ხელისუფლებას, ძირითადი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება რეფორმების გატარების და ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ენიჭება. ოპოზიციური მხარე მზად ვართ ამ საკითხებში მონაწილეობა მივიღოთ, გვქონდა შეთავაზებები მმართველი მხარის მისამართით, თუმცა ისინი ჯიუტად გაურბიან ამ ერთობას. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ნაწილობრივ მაინც დავაკომპენსიროთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს საკმარისი არ არის არც ევროკავშირისთვის, არც ევროპარლამენტარებისთვის და რაღა თქმა უნდა, არც საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.