თეთრი სახლი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამჯერად მისი სამიზნე ის კომპანიები არიან, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს საქონელსა და მომსახურებას აწვდის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები უკვე მომავალ კვირას შეიძლება წარადგინოს. ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ შეიარაღების წარმოების პროცესში რუსეთი დიდწილად დამოკიდებული იყო დასავლურ და საერთაშორისო ტექნოლოგიებზე.
გამოცემის ცნობით, სასანქციო სიაში ხვდება Серния Инжиниринг, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის იარაღის მიწოდებით არის დაკავებული და Сертал-ი, რომელიც აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა. აშშ სანქციებს დაუწესებს კიდევ 4 კომპანიას, რომელთა დახმარებითაც Серния და Сертал აწარმოებენ შესყიდვებს. შეზღუდვები შეეხება ამ კოპანიების მიერ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორცილებას, რაც ამ კომპანიებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას წაართმევს.
თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ „თავდასხმას“ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში. მათ შორის არიან კომპანიები НИИ Вектор, რომელიც აწარმოებდა თანამგზავრებს რადიოლოკაციური დაზვერვისთვის, Микрон - რუსეთში მიკროსქემების მსხვილი წარმოებელი, Т-Платформы, რომელიც დაკავებულია სუპერკომპიუტერებით. ასევე განიხილება სანქციები iGrids-ის მიმართ, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგოსისტემების ავტომატური მართვის სისტემებისთვის რუსეთის ფედერაციაში.