აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით.
"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - თქვა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
თეთრი სახლის ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, "ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ "სწრაფი და დამსჯელი ხარჯები“ ერთადერთია, რაც მოსკოვს კურსის შეცვლას აიძულებს.
"მსოფლიოს ყველა დემოკრატიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ომი უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხის არასწორად გაანგარიშებით, ვლადიმერ პუტინი "არც ისე დიდად ისტორიის მცოდნე“ აღმოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, "რუსეთიდან ტვინების გადინება ხდება“ და ასევე განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდისტულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე.
"მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. ნება მომეცით გითხრათ ეს, თუ თქვენ შეგიძლიათ ამის მოსმენა: რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების მკვლელობას, ან საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების - რუსული რაკეტებით დაბომბვას“, - განაცხადა ბაიდენმა.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი არ მოითხოვს ამერიკის პირდაპირ სამხედრო ჩარევას.
"ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად“, - თქვა მან.
"უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება. ხალხი წინ ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა ცივი ომის დროს კომუნიზმსა და დასავლეთს შორის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ბრძოლა თავისუფლებისთვის", "თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის".
"რუსეთმა დაახრჩო დემოკრატია. ვლადიმერ პუტინის პრეტენზია უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ არის უხამსი“, - დასძინა ბაიდენმა.
"ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი“- განუცხადა უკრაინელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა.