ამ წუთებში გმირთა მოედანზე მოძრაობა სრულიად პარალიზებულია. საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოედნამდე შესასვლელი ერთდროულად რამდენიმე ესტაკადა საკუთარი ავტომობილებითა და მოპედებით ჩაკეტეს, რის შემდეგაც ადგილზე მყოფ ავტომობილების მძღოლებს ფიზიკურად გადაეღობნენ და მოუწოდებდნენ, რომ ავტომობილები დაეტოვებინათ.
არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თავად აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ მათთვის გზა დაეთმოთ, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას ვერავინ გააგრძელებს მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ ჩანიშნულია ფინანსთა მინისტრთან საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "პროტესტი საწვავის ფასს”, "არა გაძვირებულ ცხოვრებას” და "გამოდით, გამოდით"
ფოტოების ავტორი გიორგი ჟამერაშვილი