"მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამით მაკრონი გამოეხმაურა, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც ბაიდენმა პუტინს "ყასაბი“ უწოდა.
"ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - დასძინა მაკრონმა.
შეგახსენებთ, მანამდე, გასულ კვირას ჯო ბაიდენმა პირველად უწოდა პუტის "ომის დამნაშავე", შემდეგ კი "მკვლელი დიქტატორი", "ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ". მას ასევე რუსეთის შეჭრას უკრაინაში "არაჰუმანური” უწოდა.