ავტორი:

"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა

"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა

გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშები განაახლეს. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება. ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ცნობით, ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში ნავთობის საცავი დაბომბეს.

მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა წუხელ უკრაინაში.

  • რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ

ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმები გრძელდება ქალაქებში : ლუცკი, ხარკოვი, ჟიტომირი და რივნე.

"რუსეთს აღარ აქვს ჰუმანიზმი, ცივილიზაცია. მას აქვს მხოლოდ რაკეტები, ბომბები და უკრაინის დედამიწის ზედაპირიდან გაქრობის მცდელობები“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

  • რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. "რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს. (მარიუპოლი, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონა) და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ჩვენი ჯარები იზიუმსა და ვოლნოვახას შორის" - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება იზიუმის მახლობლად და მტრის მოძრაობის შესახებ ცალსახა მონაცემები ჯერ არ არსებობს.

  • დასავლეთ უკრაინაში, ვოლინის რეგიონში, რუსმა სამხედროებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო "ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე იუწყება.

"ვოლინში იყო აფეთქებები. დარჩით თავშესაფრებში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება", - აღნიშნა პოგულაიკომ.

მანამდე, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“ იტყობინებოდა, რომ 27 მარტს, ლუცკის მერმა იგორ პოლონჩუკმა ქალაქ ლუცკში აფეთქებების შესახებ განაცხადა.

"გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ აფეთქებების ამსახველი ფოტოები და ვიდეო და სხვა ინფორმაცია“, - განაცხადა მან და თანამოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.