ავტორი:

"ვარსკვლავური ზოლი“ უკრაინის ცის დასაცავად - რას წარმოადგენს Starstreak-ის სისტემის საზენიტო კომპლექსი, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა?

"ვარსკვლავური ზოლი“ უკრაინის ცის დასაცავად -  რას წარმოადგენს Starstreak-ის სისტემის საზენიტო კომპლექსი, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა?

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, Starstreak-ის პირველი პარტია გადასცა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

ბენ უოლესი

თავდაპირველად, როცა იყო ლაპარაკი, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის Starstreak-ის სისტემის ულტრათანამედროვე და მძლავრი საზენიტო კომპლექსების გადაცემას გეგმავდა, ითქვა, რომ ამ იარაღის გამოსაყენებლად უკრაინელი ოპერატორების გარკვეული მომზადება იქნებოდა საჭირო. როგორც დღეს უოლესმა განაცხადა, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში მომზადება უკვე გაიარეს. აღსანიშნავია, რომ Starstreak-ი არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის. მისი მოქმედების არეალი დაახლოებით 6 კმ-ს შეადგენს და ძალიან ეფექტიანია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გასანადგურებლად. Starstreak-ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად მიიჩნევა.

  • როგორ მოქმედებს Starstreak-ის სისტემის საზენიტო კომპლექსები?

ამის თაობაზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში წერს:

"დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელების დასახმარებლად კი თავისი გზა აირჩია - ის უკრაინელებს ამერიკულ "სტინგერზე“ უფრო შორს მოქმედ გადასატან Starstreak-ებს სთავაზობს, რაც ქართულად შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც "ვარსკვლავური ზოლი“, უფრო მარტივად კი, მე -"სამი ერთში“ დავარქმევდი...

"სამი ერთში“- ანუ "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტა.

რატომ ასე უცნაური "სამი ერთში“, იკითხავს გაკვირვებული მკითხველი და შევეცდები ავუხსნა - "სამი ერთში“ იმიტომ, რომ ეს საზენიტო რაკეტა, ფაქტობრივად, ზღაპრების გმირ გველეშაპივით "სამთავიანია“, რითაც კარდინალურად განსხვავდება "თანამოძმეებისგან“.

მაგალითად, საბჭოთა გადასატან-საზენიტო სარაკეტო კომპლექსში "სტრელა-2მ“-ში მოქმედებდა პრინციპი "გაისროლე-დაივიწყე“, როდესაც სტარტაღებული საზენიტო რაკეტა საჰაერო სამიზნის რეაქტიული ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ინფრაწითელ გამოსხივებას "მიჰყვებოდა“.

ანალოგიური პრინციპით მოქმედებს ამერიკული "სტინგერის“ რაკეტაც, რომლის მაღალმგრძნობიარე დამიზნების სისტემა თვითმფრინავის კუდში მისადევნად ან შემხვედრი კურსით "შესახვედრად“, ინფრაწითელის გარდა, ულტრაიისფერი დიაპაზონის ტალღებასაც აღიქვამს.

ბრიტანული "ვარსკვლავური ზოლი“ კი "გაისროლე-დაივიწყეს“ სქემით არ მოქმედებს - მეზენიტე მართვის მოწყობილობიდან მუდამ უნდა ასხივებდეს ლაზერის სხივს მიზანში ამოღებულ საფრენ აპარატს და საზენიტო რაკეტაც ლაზერის ამ სხივს მიჰყვება.

დიდი ზებგერითი სიჩქარის (4 ათასს კმ/სთ-ზე მეტი) განვითარების შემდეგ, რაკეტას სცილდება მის თავში დაყენებული სამი საბრძოლო ელემენტი, რომლებიც ლაზერის სხივით მუდმივად მონიშნულ თავითმფრინავსა თუ შვეულმფრენს ხვდებიან და იმის გამო, რომ ისინი ზეგამძლე ვოლფრამისგან არიან დამზადებულნი, საფრენ აპარატს "ნაფლეთებად“ აქცევენ...

ანუ მიზანში ამოღებულ საფრენ აპარატს, ერთის ნაცვლად სამი, თითოეული 900 გრამი მასის დამაზიანებელი ელემენტი ხვდება, რაც მას გადარჩენის საშუალებას არ უტოვებს.

ერთი შეხედვით ცოტა მოუხერხებლად მოჩანს, მსროლელ-ოპერატორს რაკეტის გაშვების შემდეგაც, ლაზერის სხივით სულ მონიშნული რომ უნდა ჰქონდეს მფრინავი სამიზნე, მაგრამ ძალზე სწრაფ საზენიტო რაკეტას მხოლოდ 8 წამი თუ სჭირდება 5 კმ სიმაღლეზე თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, მაშინ, როდესაც "სტინგერიც“ და "იგლაც“ 4 კმ სიმაღლეზეც უკვე ვეღარ შესძლებენ საფრენი აპარატის დაზიანებას. ამასთანავე ბრიტანული "ვარსკვლავური ზოლის“ მოქმედების რადიუსი 6 კმ-ს აღწევს, რითაც ასევე ჯაბნის თავის ამერიკელ და რუს "კოლეგებს“. წყარო